ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
როგორც კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილს შესთავაზა მხარდაჭერა ყველა საჭირო მიმართულებით.
„რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რომელზეც ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება, ეს მიმართულება, მით უმეტეს დღევანდელ დროს, არის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან საუბარია არა მხოლოდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არამედ, მათ შორის, ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც. პრესკონფერენციამდე ჩვენ დღეს გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ამ თემაზე. ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი, რისი გაკეთებაა აუცილებელი ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად.
ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რა გაკეთდა, რათა შესრულებულიყო ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ჩვენთვის ცხადია, რომ ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მიმართულებით სვლა, ყველა ეს ძალისხმევა. მართლაც ღირს ძალისხმევის გაძლიერება, უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება ამ მიმართულებოთ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ეს პროცესი, მათ შორის, მოიტანს ძალიან ბევრ ცვლილებას თვითონ შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, პოლიტიკურად კი – იმ ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება.
ეს ყოველთვის დიდი გამოწვევაა. ბატონ პრემიერ-მინისტრს შევთავაზე ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც ამის საჭიროება იარსებებს. ამავდროულად, ეს პროცესი ცხადყოფს, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს, არ უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზა ამ მიზნის მისაღწევად. ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც არსებობდა ამ თემაზე ძალიან აქტიური დისკუსია ევროკავშირის ფარგლებში. თუ წარმატებები იყო ამ სამი ქვეყნის შემთხვევაში, როდესაც ავსტრიის მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ავსტრიის მზადყოფნას, რომ ჩვენ მხარში ამოგიდგეთ. ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი“, – განაცხადა კარლ ნეჰამერმა.
ავტორი – გიორგი კობერიძე