გასული წლის ივნისთან შედარებით, წელს უცხოეთიდან საქართველოში 17 პროცენტით ნაკლები თანხა გადმოიგზავნა – ახალი სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 353.2 მლნ აშშ დოლარი (924.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.4%-ით (74.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ ივნისშიც, როგორც წინა თვეების განმავლობაში, ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა – 129.31 მლნ დოლარი. რუსეთიდან გადმორიცხვების წილი მთლიან გზავნილებში 36.6%-ს აღემატება. აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში რუსეთიდან გზავნილები 44,13%-ით არის შემცირებული.

ყველაზე დიდი ოდენობით გზავნილები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

  • რუსეთის ფედერაცია – 129.31 მლნ დოლარი;
  • იტალია – 42,93 მლნ დოლარი;
  • აშშ – 38.73 მლნ დოლარი;
  • საბერძნეთი – 20.28 მლნ დოლარი;
  • გერმანია – 20. 19 მლნ დოლარი;
  • ისრაელი – 19,49 მლნ აშშ დოლარი;
  • ყაზახეთი – 17,17 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი – 10,68 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება გადარიცხვებს, 2023 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.8 მლნ აშშ დოლარი (75.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივნისის (29.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.

 

თაია არდოტელი, ბპნ.გე