ვერავინ გაიგო ზუსტად, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კონკრეტულად რა გაჰქონდა ფეხსაცმლით პოლონელ ექიმს „ვივამედის“ კლინიკიდან, ამიტომ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა: სად, რატომ და რისთვის მიჰქონდა, ან რაში უნდა გამოეყენებინა ფარულად გატანილი, პატიმარ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა?, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი ვარაუდით, ბიოლოგიური მასალის ფეხსაცმლით გატანის მცდელობის მთავარი მიზეზი, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშების დაბინძურება და იმ დიაგნოზის დასმა იყო, რომელიც მსჯავრდებულის მოწამვლას დაადასტურებდა. კაკაბაძე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ „ვივამედში“ მომხდარ სკანდალს არ გამოხმაურებიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.
„სკანდალი „ვივამედში“
ვერავინ გაიგო ზუსტად, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კონკრეტულად რა გაჰქონდა ფეხსაცმლით პოლონელ ექიმს „ვივამედის“ კლინიკიდან, ამიტომ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა: სად, რატომ და რისთვის მიჰქონდა, ან რაში უნდა გამოეყენებინა ფარულად გატანილი, პატიმარ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა?
ვინაიდან, ოფიციალურად ითქვა, რომ პოლონელი ექიმის ფეხსაცმელში სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის ნიმუში აღმოჩნდა, ვარაუდების გამოთქმა მაინც შესაძლებელია.
ნაცები ცდილობენ ამ სერიოზულ კითხვებს იუმორის ჟანრში უპასუხონ, მათგან ხან ის მოვისმინეთ, ვისი რა საქმეა, ვინ რას სად ჩაიდებსო, ხან ის, რომ შესაძლოა ამ კაცს ის „რაღაც“ შესვლის დროსაც ედო ფეხსაცმელშიო, ხანაც, იქნებ „დიდი ადამიანის“ ბიოლოგიური ნიმუში რელიკვიად უნდა შეენახა ან ძვირად გაეყიდაო და სხვა ათასი სისულელე.
პრობლემის იუმორში გადატანა სკანდალის მიჩქმალვის და მიფუჩეჩების ვირეშმაკული გეგმაა, თორემ ნაცებსაც მშვენივრად ესმით, რომ პატიმართან შეხვედრის წინ და შეხვედრის შემდეგ სწორედ იმიტომ იჩხრიკება ვიზიტორი, რომ არც არაფერი შეიტანოს და არც არაფერი გამოიტანოს.
საქართველოს ხელისუფლებამ პოლონეთის ელჩს მოსთხოვა ახსნა-განმარტება, მანამდე კი პოლონურმა მედიამ გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია:
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ „ვივამედში“ გადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით (რომელიც პოლონურმა გამოცემებმა გაავრცელეს) განაცხადა, რომ არ უნახავს და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.
უდავოა, რომ რადგან სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები პოლონელმა ექიმებმა ოფიციალურად დალუქეს და გამოიტანეს კლინიკიდან, ჯიბის მაგივრად ფეხსაცმლის გამოყენების მოყვარულ იმ ერთ ექიმს ნამდვილად ამოძრავებდა არა სამედიცინო მიზნები.
ყველაზე მარტივი მოსაზრება შესაძლებელია იყოს ამ ნიმუშის დაბინძურება სააკაშვილის მეგობარი და საქართველოს მტრული ძალების სასურველი ნივთიერებით, რომლითაც შემდგომში „დაამტკიცებდნენ“, რომ „პუტინის პატიმარი“ სააკაშვილი, ნამდვილად არის მოწამლული ისეთი ნივთიერებით, რომლის კვალს რუსეთში მივყავართ.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა ჟივილ-ხივილი ატყდებოდა, როცა იტყოდნენ, რომ ის პოლონიუმით არის მოწამლული, მაგრამ ლონდონში მოკლული ყოფილი რუსი ჯაშუშის ლიტვინენკოსგან განსხვავებით, მისმა ორგანიზმმა გაუძლო, რადგან მიშა ზეადამიანიაო.
რატომღაც ამ სკანდალს არც საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და არც აშშ-ს ელჩი დეგნანი, რომელიც თბილისში გარაჟების განაწილების საქმეებშიც კი ერევა, როცა ამის ინტერესი გააჩნია.
საინტერესოა, როდის გამოეხმაურებიან ამ საეჭვო ფაქტს ის 44 ევროპარლამენტარი, რომლებიც „მომაკვდავი მიშას“ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გადაყვანას მოითხოვენ? ჯერ მათი მხრიდან საეჭვო დუმილია – „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა იკმაროს ერთჯერადი განცხადება, ყველა დონეზე უნდა მოითხოვოს ამ ფაქტის შეფასება ჩვენი „დაუძინებელი მეგობრებისგან“, – წერს ნანა კაკაბაძე.
„იმედის კვირის“ ინფორმაციით, პოლონელი ნეიროქირურგი არტურ ზააჩინსკია, რომელსაც რეკომენდაცია სწორედ პოლონეთის საელჩომ გაუწია.
მას შემდეგ, რაც ექიმებმა კლინიკა დატოვეს, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.