ტერიტორიებიც დაგვაკარგვინეს, სააკაშვილს ჰალსტუხიც აღეჭინეს, მაგრამ ნატოში მაინც არ მიგვიღეს – რატომ?..

ნატოს თემა არახალია, ის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაჟღერდა ხმამაღლა 1989 წლის 7-9 აპრილს, როდესაც მიტინგები იმართებოდა პარლამენტის შენობის წინ და რომელიც ტრაგედიით დასრულდა — საქართველოს უახლეს ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილის სახელით დამკვიდრებულით.

ერთ-ერთი მიტინგის დროს მომიტინგეებმა გააჟღერეს მოწოდება ნატოში შესვლასთან დაკავშირებით და ამისთვის ნატოს შტაბ-ბინაში დეპეშის გაგზავნა. მოწოდება, მოწოდებად დარჩა ე.წ. ეროვნული ძალების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. გამსახურდიას ხანმოკლე მმართველობის დროს წამოჭრილმა უამრავმა საკითხმა და პრობლემამ დრო არ დატოვა ქართველთა სანუკვარი ოცნების აღსრულებისთვის.

ეროვნული ხელისუფლება ისე ჩამოაშორეს მმართველობას, ნატოში შესვლაზე რომ არც არავის უფიქრია, მაგრამ იფიქრა შევარდნაძემ — ქვეყნის ახალმა მეთაურმა და ბრიუსელში კაციც აფრინა საგარეო საქმეთა მინისტრ ჩიკვაიძის სახით. თუმცა ეს გადაწყვეტილება ცალმხრივი არ ყოფილა, უფრო სწორად, ინიციატივა ვაშინგტონისა, კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტის კლინტონისა იყო, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ანტირუსულად გარდაქმნის მიზნით გამოიგონა ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“.

ასე და ამრიგად, დაიწყო ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან. დაიწყო აქტიურად ნატოს მიერ განხორციელებულ სამხედრო ავანტიურებში ქართველი სამხედროების მონაწილეობით. ყოველივე აღნიშნულმა შევარდნაძეს ათქმევინა, რომ საქართველო მალე მიუკაკუნებდა ნატოს კარს.

მიკაკუნება-კარის გაღების პროცედურა 2005 წლამდე უნდა მომთავრებულიყო, მაგრამ არ მომთავრდა მრავალ სუბიექტურ-ობიექტურ მიზეზთა გამო. და, რაც მთავარია, ნატოს წესდების არცოდნის, სიღრმისეული არშესწავლის გამო, მოჭარბებული თავდაჯერების მიზეზით, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს ბრიუსელელმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც გამუდმებით გვაქებდნენ ავღანეთში სამხედრო ოპერაციაში (ომში) მონაწილეობის გამო; იქ დაღუპულ ქართველ მეომართა გამო; საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო წვრთნების ჩატარების გამო და ა.შ.

მათ საქართველო დაარწმუნეს, რომ სრულყოფილი, ნატოში გაწვრთნილი, ნატოს სტანდარტების შესაბამისი არმია ჰყავს, რომელსაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ შეუძლია ბრძოლა.

საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებული ქართველი გენერლები ერთმანეთს აბრუებდნენ, როგორ ასროლილებდნენ რუსის ჯარს ქვას კუდით და როგორ ჩავიდოდნენ როსტოვამდე.

და ეს ისმოდა საქართველოს ტელეეკრანებიდან 2008 წლის ცხინვალის ომის დაწყებამდე. აშშ-ს ადმინისტრაცია პრეზიდენტი ბუშის (უმცროსი) და სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის სახით კულუარულად და არა საჯაროდ მოუწოდებდნენ სააკაშვილს ცხინვალზე შეტევისკენ. ომიც გაგვაჩაღებინეს, ტერიტორიებიც დაგვაკარგვინეს, სააკაშვილს ჰალსტუხიც აღეჭინეს, მაგრამ ნატოში მაინც არ მიგვიღეს — მიუხედავად მრავალი დაპირებისა.

რატომ არ გვიშვებენ ნატოში? — იკითხავთ თქვენ.

იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით ვერ ვასრულებთ იმ მოთხოვნებს, რასაც ნატო გვიყენებს და რაც ნატოს წესდებითაა გათვალისწინებული. ქართველები მაგრები ვართ და ნატო გაითვალისწინებს ამასო — ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც ნატოში გაწევრება.

საქართველოს ჯარი გადის წვრთნებს ნატოს სტანდარტებით. საქართველოს ჯარი იღებს მონაწილეობას ნატოს წვრთნებში. საქართველოს სამხედროები იღებდნენ მონაწილეობას იმ კონფლიქტებში, სადაც აშშ-ი და ნატო იყვნენ ჩართულნი. მაგრამ საქართველოს ჯარს მრავალი წელი დასჭირდება ნატოს სტანდარტების მისაღწევად — ასე ამბობენ ნატოელი სპეციალისტები.

საქართველოს არმიას არ ჰყავს საჰაერო და საზღვაო ძალები. საქართველოს არ აქვს ისეთი ეკონომიკა, ნატოს მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებდეს. საქართველოს არ აქვს ევროპის დონის სასამართლო სისტემა. საქართველოს არ აქვს თავის მეზობლებთან დემარკირებული და დელიმიტირებული სახელმწიფო საზღვრები, თურქეთს გარდა.

საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები თავის ყოფილ ავტონომიებთან — აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ნატო შიშობს, რომ ქვეყნის გამთლიანების სურვილით, საქართველოს შეუძლია ნებისმიერ დროს ომი გააჩაღოს ყოფილ ორ ავტონომიასთან.

საქართველოს — ნატოს წევრს, შეუძლია ომს მიმართოს ნატოში გაწევრების შემდეგ, რაც ძალაუნებურად ჩაითრევს ნატოს ამ კონფლიქტში.

ნატო და ევროკავშირი თვლიან, რომ საქართველოს დაჟინებული მოთხოვნა ამ ორგანიზაციაში გაწევრებასთან დაკავშირებით არის საქართველოს ხელისუფალთა მცდელობა ნატოს და ევროკავშირის დახმარებით მოაგვაროს თავისი პრობლემები, რაც თვით ამ კავშირებს შეუქმნის პრობლემებს. პრობლემები კი მათ არ სჭირდებათ.

ორივე ორგანიზაცია თვლის, რომ საქართველო მოიკოჭლებს ტოლერანტობის საქმეში, სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიისთვის გამართული მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლად ორგანიზების საქმეში.

საქართველოს ხელისუფლება ნეგატიურად განიხილავს ლგბტ-ს, პრაიდების, გეი-პარადების, ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ტრანსვესტიტობის საკითხებს. და ვიდრე დასავლური ღირებულებები მყარად არ მოიკიდებენ ფეხს ქვეყანაში, მანამ საქართველოს ამ ორ ორგანიზაციაში არ გააწევრებენ.

ქართველი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ოპოზიცია, გულდაწყვეტით და შეპარული შურითაც აცხადებდნენ, რომ უკრაინას ნატოში იღებენ, ჩვენ კი არაო. და რომ არა, ხელისუფლებაა დამნაშავეო.

ვილნუსის ნატოს სამიტი დასრულდა, მაგრამ უკრაინა არ შეუშვეს ნატოში და არათუ არ შეუშვეს, ვადაც არ თქვეს, როდის შეუშვებენ — რასაც კატეგორიულად მოითხოვდა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.

სამიტის დაწყებამდე მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ზელენსკიმ მკაცრად გააკრიტიკა ნატო ასეთი გაურკვეველი პოზიციისთვის, რის გამოც მწვავე კონტრკრიტიკა დაიმსახურა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან.

ქართული ოპოზიციის დასამშვიდებლად — უკრაინა არ მიიღეს ნატოში, უფრო მეტიც, თქვეს, რომ ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინას ვერ მიიღებენ ნატოში. უფრო მეტიც, უკრაინას ნატოში ვერ მიიღებენ, ვიდრე ის ომს არ მოუგებს რუსეთს. მხოლოდ მოგების შემთხვევაში ნატოს წევრი სახელმწიფოები განიხილავენ, ასრულებს თუ არა უკრაინა დაპირებებს.

რა დაპირებებს გულისხმობს ბრიუსელი, ძნელი გამოსაცნობია.

ერთადერთი დასამშვიდებელი აბი, რაც ზელენსკის მისცეს ბრიუსელში — ნატო-უკრაინის საბჭოს დაფუძნებაა და იარაღის მიწოდების საქმეში მეტი აქტიურობა.

თუ რას ნიშნავს საბჭო, კარგად იცის რუსეთმა, ვინაიდან რუსეთ-ნატოს შორის ურთიერთობების გამწვავებამდე ასეთი არსებობდა, თუმცა დიდი ეფექტი მას არ ჰქონია.

ნატოელმა „პარტნიორებმა“ ზელენსკის დაგრილებისკენ მოუწოდეს, როგორც ჩანს, ნატოსთან მიმართებაში — ზელენსკის კრიტიკული გამონათქვამების გამო.

მეცხოველეობაში ტერმინი „დაგრილება“ მაშინ გამოიყენება, როდესაც ახურებული ძროხის დასამშვიდებლად ხარს მიუშვებენ. და ნატომაც მიუშვა … მეორე დღეს, დაგრილებული ზელენსკი, დადებითად იხილავდა ნატოს გადაწყვეტილებას. არადა, რა არ გააკეთა ზელენსკიმ ნატოს მოსახიბლად?!

ერთნაირსქესიანთა ქორწინებაც ცნო, სკოლის პირველი კლასიდან ინგლისური ენის სავალდებულო სწავლის შემოღებაც, სახელმწიფო სამსახურებში, არმიაში, სხვა ძალოვან სტრუქტურებში ინგლისურის სავალდებულო ცოდნა, მარიხუანის მოყვანა, მაგრამ ნატოს ვერ ეღირსა. არადა, კარგად რომ შეესწავლა ნატოს წესდება, დასავლელი პარტნიორების მენტალიტეტი, ნატოში გაწევრების იმედი არ გაუჩნდებოდა.

ბორელისა არ იყოს, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა ის ქვეყნებია, რომლებიც ევროპული ედემის ბაღის გარეთ, ჯუნგლებში ცხოვრობენ. ასეთებთან ურთიერთობას აქვს ლიმიტი, ანუ შენ ასრულებ ედემის დავალებას, მაგრამ ის შენს თხოვნას არ ასრულებს. ნატოს წესდება არ ავალდებულებს ამას!

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი