აშშ გააგრძელებს მუშაობას სხვა ქვეყნებთან უკრაინული მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად – ჯონ კირბი

აშშ, სხვა ქვეყნებთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას უკრაინიდან მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა.

„აშშ არ განიხილავს შეერთებული შტატების სამხედრო აქტივების გამოყენებას მარცვლეულის გადაზიდვების დასაცავად“, – დასძინა კირბიმ.

შეგახსენებთ, „მარცვლეულის შეთანხმება“ რუსეთ-უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში დაიდო. ის უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა. 17 ივლისს კი რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა.