აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს პრესკონფერენციაზე ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ჰკითხეს. ამასზე ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება ისე აწარმოოს ომი, როგორც მოისურვებს.
„სიტუაციას თვალყურს ვადევნებთ. ამაზე ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ აწარმოებს ამ ომს საკუთარი ტერიტორიების და ხალხის დასაცავად“, – აცხადებს ბლინკენი.
ცნობისთვის, ოკუპირებული ყირიმის ხიდზე გუშინ, 17 ივლისს აფეთქება მოხდა, რასაც რუსული მხარის ცნობით, სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მომხდარი შეაფასა როგორც „ტერორისტული თავდასხმა“. უკრაინულ მხარეს კი მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა – „ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების გადასაცემად, აუცილებლად არის ხანმოკლე“.
მანამდე უკრაინული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ყირიმის ხიდზე ღამით მომხდარი ინციდენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგია.