„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნნენ. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი დაპირება, რომელიც პარტიაში არჩევნების ჩატარების შემდეგ შესრულდა.
„პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის და შესაბამისად, ვაგრძელებთ ტრადიციას, ამიტომ პოლიტსაბჭოზე ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ახალგაზრდებს, რომლებსაც თვეების განმავლობაში აქტიურად ხედავთ ტელეეკრანებზე, სხვადასხვა საკრებულოში, სხვადასხვა საჯარო სივრცეში, მიეცემათ შესაძლებლობა, იყვნენ წარმმართველები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმღებები.
ირაკლი ფავლენიშვილი, რომელსაც საზოგადოებისთვის წარდგენა არ სჭირდება, იქნება გენერალური მდივნის მოადგილე; ნიკოლოზ ჭურაძე, რომელიც თვეების განმავლობაში იბრძოდა უკრაინაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მსოფლიოში, უკრაინაში მშვიდობისთვის, რომელიც არის სხვათა შორის, მხატვარი, იქნება კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსი. იცით, გელათი, ჯვარი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა უმძიმეს მდგომარეობაშია და შესაბამისად, ნიკა უხელმძღვანელებს ამ სამსახურს; თათია ნიკოლაშვილი, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც პარალელურად გახლავთ ოზურგეთის საკრებულოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი; ვანო მაღალაშვილი იქნება აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, მას სამოქალაქო აქტივისტები განსაკუთრებით იცნობენ, აქვს პარტიული მუშაობის გამოცდილება თეთრიწყაროში; გვანცა გაზდელიანი იქნება იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე; ედო ჯავახიძე – სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანი, ანუ ის ხდება სამდივნოს წევრი; ალექსანდრე კრევო ასათიანი – საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილე; გიგი გიგიტელაშვილი, რომელიც არის თელავის საკრებულოს აქტიური წევრი, ასევე იქნება სამდივნოს აპარატის უფროსი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ გაგრძელდება ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობის მიცემა და ჩვენ აუცილებლად ერთად შევქმნით გამარჯვების პლატფორმას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.