ყაზახური ნავთობის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა აზერბაიჯანის გავლით

ყაზახეთი, დივერსიფიკაციის სტრატეგიის ფარგლებში, რუსეთის ალტერნატიული მარშრუტებით ნავთობის ექსპორტს ზრდის. ­ ქვეყნიდან ნავთობის მთავარი ექსპორტიორის, KazTransOil-ის თანახმად, აპრილი-ივნისის პერიოდში ყაზახური ნავთობის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა აზერბაიჯანის გავლით. კომპანიის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, თენგიზის საბადოებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით 347,100 ტონა ნავთობი გადაიზიდა ამ წლის მეორე კვარტალში.

პირველ კვარტალში ამ მარშრუტზე ექსპორტის მაჩვენებელი მხოლოდ 19,200 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, მეორე კვარტალში ზრდა 18-ჯერ მეტი, 1,708%-ია.

ამავდროულად, 2023 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი ყაზახეთის მთავარი მილსადენითაც და 10.3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 591,000 ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ევროპაში გადაზიდვები აზერბაიჯანულ SOCAR-სა და ყაზახეთის ენერგეტიკის ეროვნულ კომპანია KazMunayGas-ს შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ გაიზარდა, რომლის თანახმადაც, თენგიზის საბადოებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით 1.5 მილიონი ტონა ნავთობი გადაიზიდება წლიურად.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის სიგრძე 1,768 კმ-ია. აქედან, 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1,076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება. 2022 წელს მილსადენით, დაახლოებით, 29,749,600 ტონა ნავთობი გადაიქაჩა, რაც 2021 წელზე 12.6%-ით მეტია.