ამერიკელი სამხედრო ჩრდილოეთ კორეაში გაიქცა

ამერიკელი სამხედრო ტრევის კინგი სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გაიქცა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

კინგი ჩხუბის გამო 2 თვე სამხრეთ კორეაში, დისციპლინარულ ნაწილში იმყოფებოდა. ის აშშ-ში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ აეროპორტიდან გაიქცა, ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში ექსკურსიას შეუერთდა და შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში გაქცევა მოახერხა.

მომხდარი ფაქტი აშშ-ის თავდაცვის მინისტრმაც დაადასტურა.

„ჩვენმა ერთ-ერთმა სამხედრომ, რომელიც ექსკურსიაზე იმყოფებოდა, ყოველგვარი ნებართვის გარეშე სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა. ჩვენი ინფორმაციით, ის ამჟამად ჩრდილოეთ კორეის უწყებებს ჰყავთ დაკავებული. ვაკვირდებით სიტუაციას და ვატარებთ გამოძიებას. ვცდილობთ ამ ინციდენტის მოგვარებას“ – განაცხადა ოსტინმა.

მოტივები, თუ რატომ გადაწყვიტა ამერიკელმა სამხედრომ ჩრდილოეთ კორეაში გაქცევა, უცნობია. სამხედრო მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ის სასჯელის თავიდან აცილებას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ საკუთარი მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა.