დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის, МІ6-ის ხელმძღვანელმა რიჩარდ მურმა მოუწოდა რუსეთის სპეცსამსახურების იმ წარმომადგენლებს, ვინც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგება, ბრიტანეთის დაზვერვაზე იმუშაოს. ამის შესახებ Sky News იუწყება.
მისი თქმით, ეს უკრაინაში სისხლის ღვრის შეჩერებას ხელს შეუწყობს. მური ამბობს, რომ რუსეთში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შოკირებულები არიან, თუ როგორ ანგრევენ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს, აძევებენ ოჯახებს სახლებიდან და იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს.
„გულის სიღრმეში ამ ადამიანებს ესმით, რომ პუტინის გადაწყვეტილება მეგობრულ სლავურ ერზე თავდასხმის შესახებ სუფთა თაღლითობაა, მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ ჩვენთან გაერთიანდნენ“ – განაცხადა რიჩარდ მურმა.
ბრიტანული დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი სამსახურის კარი ღიაა და ინფორმაციის წყარო საიდუმლოდ დარჩება.
„ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს სისხლის ღვრა შევაჩეროთ. ჩვენი აგენტების მიმართ ერთგულება სიცოცხლის ბოლომდეა შენარჩუნებული, ხოლო მათ მიმართ მადლიერება სამუდამო“, – განაცხადა მურმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ მოსკოვის ჯაშუშური ქსელი ევროპაში ფაქტობრივად განადგურდა. ახლა რუსეთი მის აღდგენას ცდილობს. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსი ჯაშუშების რაოდენობის მიხედვით უდავო ლიდერი შვეიცარიაა.