მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ახუნდქტივობების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ეხმაურება.
“თუ დასავლეთისთვის მიხეილ სააკაშვილი უფრო ღირებულია, ვიდრე საქართველო და კანონის უზენაესობა, მაშინ პრობლემა თავად დასავლეთს ჰქონია.
თუკი სისხლის სამართლის დამნაშავე ჰუმანიტარული მიზნით უნდა გათავისუფლდეს და მისი ბიოლოგიური მასალა “საერთაშორისო სანდოობის” ევროპელმა ექიმებმა წინდებით უნდა ატარონ, თუკი დიდი ფულის ფასად ამ ყველაფრის ლობიზმში ევროპარლამენტარებმა რეზოლუციები უნდა “აცხონ” და სანქციები არიგონ, მაშინ საკუთარი თავი არა მხოლოდ რუსეთისგან გვქონია დასაცავი, არამედ პარტნიორებისგანაც.
კარგად გვესმის, რომ უკრაინაში ომი სასურველი შედეგით უნდა დასრულდეს, მაგრამ თუ წინასწარ დაწერილი სცენარი საქართველოს ინტერესებს უგულებელყოფს, ასეთ შემთხვევაში ჩვენი არჩევანი საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა იქნება.
თუკი ამერიკისა და ევროპარლამენტის მაღალი რანგის თანამდებობის პირები ფულის სანაცვლოდ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში ერთვებიან, მაშინ დეზინფორმაცია სწორედ მათგან მომდინარე ყოფილა.
და რადგან მიხეილ სააკაშვილის ლობისტები დასავლეთშიც და საქართველოშიც მხოლოდ დეზინფორმაციით იბრძვიან, მათი ბრძოლის შედეგი მოახლოებულ არჩევნებში ბევრად უფრო მწვავე იქნება, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ხალხი პოლიტიკოსებს ასეთ ტყუილებს არასოდეს პატიობს.” – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.