როგორ გადაჯგუფდება პოლიტიკური სპექტრი 2024 წლის არჩევნებისთვის

ენმ აცხადებს, რომ „საქართველოს გამარჯვების პლატფორმას” ქმნის, რისთვისაც „ყველა პროევროპულ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზადაა”, თუმცა ჯერ პრემიერობის კანდიდატზე, საერთო სიაზე და ამდაგვარ საკითხებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს, „ოცნება” კი ფიქრობს, რომ მსგავს გაერთიანებას შედეგი არ ექნება.

როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილირეზონანსთან” საუბარში აცხადებს, დიდია ალბათობა იმისა, რომ წინასაარჩევნოდ „ევროპული საქართველოს” გარდა, ენმ-სთან ალიანსში ყველა ის პარტია შევიდეს, რომელიც ადრე გამოეყო. ამით ისინი ამომრჩეველს არ დაკარგავენ და გამსვლელ სიაში შესვლის შანსიც მიეცემათ.

ფიქრობს, რომ მესამე ცენტრის შექმნის პერსპექტივა „ლელოს” და გახარიას პარტიის ალიანსსაც აქვთ, თუმცა ასეთი ერთობა ჯერ-ჯერობით კითხვის ქვეშაა – ხაზარაძესა და გახარიას შორის ანაკლიის პორტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.

ამასთან ზაქარეიშვილი ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ კვლევებში თუ „ხალხის ძალამ” შეატყო, რომ ბარიერის გადალახვა გაუჭირდება, ისევ „მშობლიურ პარტიას დაუბრუნდება”.

„მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა „ჭიჭე” ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას”, „ქურქუმალ ვაითს” რომ „ჭიჭე” ვაშაძით ჩაანაცვლებ, რაიმე სერიოზულ შედეგზე მოლოდინი არ უნდა გქონდეს”, – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” თანამშრომლობის საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური.

„ესენი არსად წასულან თავის დროზე, უბრალოდ, შიდა დაპირისპირების და კინკლაობის შედეგი იყო ეს ყველაფერი. სინამდვილეში ესენი ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის” ბედის ქვეშ იყვნენ და მათი მომავალიც ცხადია, საერთო იყო. აქედან გამომდინარე, ხდება კვლავ მათი ერთად შერწყმა. რაც მალე მოხდება ეს, უკეთესია ხალხისთვის, რადგან დადასტურდება, რომ სინამდვილეში ესენი არიან ერთი მთლიანის ნაწილები,” – განაცხადა ღუდუშაურმა.

ენმ-ს პარლამენტარის, დავით კირკიტაძის განცხადებით, უნდა შეიქმნას „საქართველოს გამარჯვების პლატფორმა”, სადაც ყველა თაობის ადამიანისთვის კარი ღია იქნება. ამ პლატფორმაში უნდა გაერთიანდეს ყველა ის ადამიანები, ვისთვისაც ქვეყნის ევროპული პერსპექტივა მნიშვნელოვანია.

„ნაციონალური მოძრაობის” პოზიციაა, რომ შეიქმნას „საქართველოს გამარჯვების პლატფორმა”, სადაც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის კარი ღია იქნება. ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და მნიშვნელოვანია ქვეყნის იმ ვითარებიდან გამოყვანა, სადაც „ქართულმა ოცნებამ” შეიყვანა ქვეყანა”, – აცხადებს კირკიტაძე.

როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, ენმ-სთან კომფორტულად ის პარტიები იქნებიან, რომლებიც ადრე გამოეყვნენ – „ევროპული საქართველოს” გარდა.

„ნაცმოძრაობასთან” კომფორტულად ის პარტიები იქნებიან, ვინც ოდესღაც გამოეყო, მაგალითად გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ვაშაძე თუ სხვები. აშკარად ჩანს, რომ „ოცნება” ბარიერის დაწევას არ აპირებს და პატარა პარტიები 5%-ს ნამდვილად ვერ გადალახავენ. ამიტომაც ენმ-სთან გაიგივებული და ახლოს მყოფი პარტიები ძველ პარტიასთან ალიანსში იოლად დაბრუნდებიან და ამომრჩეველსაც ძალიან არ დაკარგავენ.

„სხვებისგან განსხვავებით, „ევროპულ საქართველოს” მკაფიო პოზიციები აქვს და ჩანს, რომ არჩევნებზე ცალკე გასვლას აპირებს. მათი ღირებულებები არ მომწონს, მაგრამ მომწონს მათი პრინციპულობა, რომ თავიანთ ხედვას ასე მიჰყვებიან, არჩევნებზე მარტო გავლენ და ალბათ ბარიერს ვერ გადალახავენ.

„ლეიბორისტებს თავისი მუდმივი ამომრჩეველი ჰყავს. შესაძლოა იმედი აქვთ, რომ ბარიერს გადალახავენ. როგორც ყოველთვის, არჩევნებზე მარტო გავლენ და მგონია, რონ 5%-ის გადალახვა მათაც გაუჭირდებათ, თუმცა ბარიერთან ახლოს იქნებიან.

„რაც შეეხება გახარიას და „ლელოს”, ისინი დისტანცირებენ, როგორც „ოცნებისგან”, ისე ენმ-სგან და თავის ზომიერ ცენტრისტულ პოზიციებს გამოხატავენ, ისინი თუ ცალკ-ცალკე გავლენ, რისი შანსიც მაღალია, ერთმანეთის ელექტორატს დაასხდებიან და ხმებს წაართმევენ. ყველაზე ცუდი მომენტი კი ის იქნება, რომ ბარიერი ვერცერთმა ვერ გადალახოს და სადღაც 4%-ის ფარგლებში დარჩნენ. ამიტომაც პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის მისაღები იქნებიდა, თუ „ლელო” და გახარიას პარტია საერთო ენას იპოვიან, ისინი 5%-ს თამამად გადალახავენ. ამასთან მესამე ცენტრზეა მოთხოვნილება და ამ ელექტორატს წაიყვანენ.

„ლელოსიც” მესმის, რადგან მათ გახარიასთან ანაკლიის პორტზე საყვედურები და კითხვები აქვთ, თუმცა ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ინტერესები უფრო მაღლა უნდა დადგეს და „ლელომ”ეს მტკივნეული თემა რაღაცნაირად გადალახოს, რაც მხოლოდ ხალხის ქებას დაიმსახურებს. ასეთი ერთობა მინიმუმ 8-9%-ს აიღებდა.

„მოქალაქეებმა” და „გირჩმა” თუ რამე საერთო ჯგუფი არ იპოვეს, ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ და ალბათ გარეთ მოუწევთ დარჩენა. თუ „გირჩი” ჯაფარიძე ენმ-სკენ წავა, მაშინ ძველ „გირჩს”, იაგო ხვიჩიას მხარეს, შანსები გაეზრდება. თუ ჯაფარიძე ცალკე დარჩა, მაშინ ხმებს გაუყოფს და პარლამენტში ვერცერთი ვერ მოხვდება.

„აქვე ენმ-ს შიგნით არსებული ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩანს, რომ გარკვეული კრიზისია. თუ გამყვან სიაში მელიას თავისი ხალხის ჩასმის საშუალებას არ აძლევენ, სჯობს დროზე გამოვიდეს და თუ მასთან ვაშაძე, ჯაფარიძე და ხოშტარია შეიკვრებიან, მაშინ ეს მეორე სერიოზული ოპოზიციური ცენტრი იქნება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ხაბეიშვილის ენმ 9-10%-ის გარშემო დარჩეს, მაგრამ თუ მელიამ ცენტრი შექმნა, და იქ ყოფილი „ნაცები” წაიყვანა, დაახლოებით 7%-ს ისიც აიღებდა და ორი ძალა პარლამენტში საერთო ენას იპოვიდა. თუ ენმ-ს გამსვლელ სიაში მელიას ხალხი არ ჩასვეს, მაშინ შესაძლოა „ნაცმოძრაობის” ამომრჩევლის ნაწილმა ზურგი შეაქციოს და საერთოდაც არ წავიდეს არჩევნებზე”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მას ეჭვი ეპარება, რომ „ხალხის ძალამ” ცალკე 5%-იანი ბარიერი გადალახოს.

„ხალხის ძალა” ცალკეა და ეჭვი მეპარება, რომ 5% გადალახოს. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ცესკოში განაცხადები შევა, თუ კვლევბით აღმოაჩენენ, რომ შანსები არ აქვთ, მააშინ მშობლურ პარტიას „ოცნებას” დაუბრუნდებიან. მაგრამ თუ ცალკე დარჩნენ, ალტინფოს ხმებს დაასხდებიან,ბარიერს ვერცერთი ვერ გადალახავს და გარეთ დარჩებიან. თუ „ხალხის ძალა” „ალტინფისთან” ერთად სიას შექმნის, ბარიერს გადალახავენ და ეს სახელმწიფოსთვის კარგი არ იქნება”,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა “რეზონანსთან”.