შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი დღეიდან სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტროს განცხადებით, ამ გემების დროშის მქონე ქვეყნები ჩაითვლება კონფლიქტში ჩართულად.
გარდა ამისა, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში საზღვაო ზონები დროებით სანაოსნოდ გამოცხადდა.
„მეზღვაურებისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაუქმების შესახებ შესაბამისი საინფორმაციო გაფრთხილებები გაიცა დადგენილი წესით“, – აცხადებენ თავდაცვის დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, „მარცვლეულის შეთანხმება“ რუსეთ-უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში დაიდო. ის უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა. 17 ივლისს კი რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა.
ამასთან, პუტინმა დასავლეთის ქვეყნები შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 19 ივლისს განაცხადა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის შეთანხმებას, თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მოთხოვნებს შორისაა რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის გლობალურ გადახდის სისტემასთან, SWIFT-თან დაკავშირება.