ერაყმა ქვეყნიდან შვედეთის ელჩი გააძევა და სტოკჰოლმიდან საკუთარი რწმუნებული გაიწვია. მიზეზი შვედეთში მცხოვრები ერაყელი წარმოშობის პირის, სალვან მომიკას მიერ ყურანის დაწვის დაანონსება გახდა, რომლის ნებართვისთვისაც აღნიშნულმა პირმა შვედეთის პოლიციას მიმართა და სიტყვის თავისუფლების მოტივით, თანხმობაც მიიღო. ამ ფაქტით აღშფოთებული შიიტი რელიგიური ლიდერის, მუქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები ღამით ბაღდადში მდებარე შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ და ტერიტორიას ცეცხლი წაუკიდეს.
ერაყის სპეცდანიშნულების რაზმებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ელექტროშოკი გამოიყენეს. ერაყის პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია.
ერაყის მთავრობამ შვედეთის საელჩოზე თავდასხმა დაგმო და დაკავებულების მართლმსაჯულებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, ერაყის მთავრობამ აცნობა შვედეთის მთავრობას, რომ შვედეთის ტერიტორიაზე ყურანის დაწვის ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, ისე, როგორც ეს მანამდე, 28 ივნისს მოხდა, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდება.
მომხდარს გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩოსა და დიპლომატიური მისიის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აკისრია ერაყის ხელისუფლებას.
წყარო: სააგენტო როიტერი