შალვა პაპუაშვილი: ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ საუბრები სააკაშვილის წამებაზე არის ტყუილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ საუბრები სააკაშვილის მოწამვლაზე, არასათანადო სამედიცინო მომსახურებაზე, წამებაზე არის ტყუილი. შესაბამისად, ჩვენ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვამბობთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც შეეხო ამ საკითხს დეზინფორმაციული კუთხით, თავს ესხმოდა და სამწუხაროდ კვლავ ესხმის ქართულ სახელმწიფოს.

მინიმუმ, რაზეც შეიძლება, ვისაუბროთ, არის ის, რომ ის სტატიები, განცხადებები, რეზოლუციები სინამდვილეში იყო არა ევროპარლამენტარების, ექსპერტების, ყოფილი დიპლომატებისა და მოქმედი პოლიტიკოსების გულწრფელი პოზიციები, არამედ ნაკარნახევი პოზიციები.

გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისეთი ხალხი გამოდიოდა, ვისაც ან რა ინტერესი უნდა ჰქონოდა, ან საიდან უნდა ჰქონოდა საქართველოსადმი სპეციფიკური ინტერესი, მაგრამ გარკვეული სახელები და გვარებია, რომლებთანაც შეიძლება რაღაც ავტორიტეტი იყოს დაკავშირებული და ამ ადამიანებს ალაპარაკებდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.