აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის უილიამ ბერნსის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ ყველა შანსი, მნიშვნელოვან წინსვლას ზაფხულის კონტრშეტევის დროს მიაღწიონ. ამის შესახებ ბერნსმა Bloomberg-თან განაცხადა.
მისი თქმით, რუსული არმია განიცდის მნიშვნელოვან „სტრუქტურულ ხარვეზებს“, რომელთა დამალვასაც კრემლი აქამდე ახერხებდა, თუმცა ახლა მკაფიოდ ჩანს.
„ჩვენ, როგორც სადაზვერვო სააგენტო, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავუწიოთ სადაზვერვო მხარდაჭერა და გავუზიაროთ მონაცემები, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს პროგრესის მიღწევაში”, – თქვა ბერნსმა და დასძინა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი კონტრშეტევის პერსპექტივის მიმართ.
CIA-ს ხელმძღვანელის თქმით, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებამ პუტინის შექმნილი სისტემის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება გამოავლინა.