უკრაინელები კასეტურ საბრძოლო მასალას იყენებენ და საკმაოდ ეფექტურადაც – თეთრი სახლი

თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყო.

როგორც თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, უკრაინელები აღნიშნულ იარაღს „ეფექტურად და სათანადოდ“ იყენებენ.

„უკრაინელებისგან უკვე მივიღეთ პირველადი გამოხმაურებები. ისინი მას [კასეტურ საბრძოლო მასალას] საკმაოდ ეფექტურად იყენებენ“, – ციტირებს Reuters კირბის სიტყვებს. 

მისივე თქმით, კასეტური საბრძოლო მასალები გავლენას ახდენს რუსეთის თავდაცვით ფორმირებებზე და მანევრებზე.