პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვირტუალური ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა.
„ჩვენ სწორედ ამ გზით – მშვიდობიანი, ჩვენს ხალხზე ორიენტირებული ეკონომიკური და სხვა პოლიტიკის გზით სიარულით ვაპირებთ მივაღწიოთ იმ ძალიან მაღალ შედეგებს, რომელიც ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაგვეხმარება და მეორე მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგანაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება ის მიღწევები და პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცხადა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვისა და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით, ვირტუალურ ფორმატში საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას, კი ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა.