240 წლის წინ, 24 ივლისს გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში რუსეთის იმპერიის და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის ტრაქტატი გაფორმდა

240 წლის წინ, 24 ივლისს გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში რუსეთის იმპერიის და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის ტრაქტატი გაფორმდა. ტრაქტატი შედგებოდა შესავლისა, 13 ძირითადი და 4 დამატებითი საიდუმლო  მუხლისგან.

ტრაქტატის შესავალ ნაწილში ზოგადად აღნიშნული იყო ის ურთიერთობა, რაც უძველესი დროიდან რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობდა, რომ რუსეთის იმპერია მოწოდებული იყო, დაეცვა ერთმორწმუნე საქართველო სხვა ქვეყნების მხრივ ჩაგვრისაგან, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთისადმი ასახული იყო ადრიდანვე რუსეთის ხელმწიფეთა ტიტულატურაში და სხვ. აქ იგულისხმებოდა ის ფაქტი, რომ 1587 წელს კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ მოსკოვის მეფეები და შემდეგ რუსეთის იმპერატორებიც ოფიციალურ ტიტულატურაში თავიანთ თავს „ივერიის ხელმწიფესაც“ უწოდებდნენ. ტრაქტატის შესავალში აღნიშნული იყო, რომ იმპერატორმა დიდსულოვნად ინება ქართველების გათავისუფლება „უღლისაგან მონებისა“ და იმ დამამცირებელი ვალდებულებებისაგან, „რომლისაცა რომელნიმე ერნი ამათგანნი მიცემად შეკრულ იყუნეს… ტყუედ მიხდისა ვაჟთა და ქალთასა“. ტრაქტატი აცხადებდა, რომ ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე თეიმურაზის ძემ თხოვნით მიმართა რუსეთის იმპერატორს მისი სამეფოსა და სამფლობელოების უზენაესი მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ „უზენაეს ხელმწიფედ აღსარებითა ყოვლისა რუსეთის იმპერატორთა მეფეთა ზედა ქართლისა და კახეთისა“; იმპერატორმა „ინება აღდგინება და დამტკიცებაი მეგობრობითისა პირობისა“. შესავალშივე დასახელებული იყვნენ ორივე მხრიდან ის წარმომადგენლები, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ რწმუნებით ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ხელშეკრულების  მუხლით ქართლ-კახეთის მეფე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით აცხადებდა, რომ უარყოფდა ირანის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსადმი რაიმე დამოკიდებულებას და ცნობდა მხოლოდ რუსეთის უზენაეს ხელისუფლებას და მფარველობას, აღუთქვამდა რუსეთის საიმპერატორო ტახტს ერთგულებას და რუსეთის სახელმწიფოს შეწევნისათვის ყოველთვის მზადყოფნას, როცა ამას მისგან მოითხოვდნენ.

აღნიშნული იყო, რომ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე ახალასული მეფე ამიერიდან რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა სათანადო სიგელითა და ინვენსტიტურის* ნიშნების გამოგზავნით. ახლად გამეფებულს რუსეთის წარმომადგენლის წინაშე საზეიმოდ უნდა მიეცა ფიცი, რომლის ტექსტიც ტრაქტატს თან ერთვოდა.

მეექვსე მუხლით რუსეთის იმპერატორი, თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით, საქართველოს მეფეს აღუთქვამდა შემდეგს: 1. ქართლ-კახეთის სამეფოს მცხოვრებნი ჩაითვლებოდნენ რუსეთის იმპერიასთან მჭიდრო კავშირში მყოფად და მათი მტრები რუსეთის მტრებად გამოცხადდებოდნენ. ოსმალეთთან და ირანთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების პირობები გავრცელდებოდა საქართველოზედაც; 2. მეფე ერეკლე და მისი მემკვიდრენი ქართლ-კახეთის ტახტზე უცვლელად დაცულნი იქნებოდნენ; 3. ქვეყნის საშინაო მართვა-გამგეობა, სამართლის წარმოება და გადასახადების აკრეფა მთლიანად საქართველოს მეფის უფლებებში რჩებოდა. რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა.

ერეკლე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით დაპირებას იძლეოდა: 1. ყოველთვის მზად ყოფილიყო თავისი ჯარით რუსეთის იმპერიის სამსახურად; 2. ყოველ მნიშვნელოვან საკითხში, რაც რუსეთისადმი სამსახურს შეეხებოდა, შეთანხმებოდა რუსეთის ხელისუფალთ, დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები და დაეცვა რუსეთის ქვეშევრდომები ყოველგვარი განსაცდელისა და შევიწროებისაგან; 3. ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნისა თუ დაწინაურების დროს გაითვალისწინებდა რუსეთის წინაშე მის დამსახურებასაც.

დამატებით, ქართველ თავად-აზნაურებს რუსეთში ისეთივე პრივილეგიები ექნებოდათ, როგორც რუს თავად-აზნაურებს ჰქონდათ. ერეკლეს რუსეთში უნდა გაეგზავნა ქართველ თავად-აზნაურთა სია. გამოცხადებული იყო, რომ ეს ხელშეკრულება დადებუღი იყო „საუკუნოდ“, მასში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა მომხდარიყო. მეცამეტე მუხლის მიხედვით სარატიფიკაციო ვადად დაწესებული იყო 6 თვე.

ტრაქტატით გათვალისწინებული რუსთა ჯარი — ორი ბატალიონი — 1783 წლის 2 ნოემბერს შემოვიდა თბილისში. საზეიმოდ მორთული საქართველოს დედაქალაქი აღტაცებით შეხვდა საქართველოში რუსთა დამხმარე ჯარის შემოსვლას.