მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო, ორივე იქნა განადგურებული

გამთენიისას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ქალაქს ორშაბათს დილით უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს.

მისი თქმით, მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ ყოფილა.

„24 ივლისს, დაახლოებით დილის 4 საათზე დაფიქსირდა ორ არასაცხოვრებელ შენობაზე დრონებით თავდასხმა. სერიოზული ნგრევა და დაშავებულები არ მოჰყოლია“, – წერს სობიანინი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმას ორი დრონით ცდილობდა.

თავდაცვის უწყება მომხდარს „ტერორისტული თავდასხმის მცდელობას“ უწოდებს.

„უკრაინამ ორი უპილოტო საფრენი აპარატის დახმარებით სცადა დარტყმა მოსკოვის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებით ორი უკრაინული დრონი უვნებელყოფილ იქნა და ჩამოვარდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

სააგენტო TASS საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ერთ-ერთი თვითმფრინავი მოსკოვში, ლიხაჩოვის გამზირზე, ბიზნეს ცენტრის შენობას დაეჯახა.

„იყო აფეთქება. ინციდენტის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა წყარომ.