“მე მოგიწოდებთ, რომ ეს თემა ჩახუროთ”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნის საკითხს ეხებოდა.
კობახიძის თქმით, ასეთ ამბებს საფუძველი არ აქვს.
„ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია, მით უმეტეს, რომ ასეთ ამბებს საფუძველი არ აქვს, უბრალოდ, არასწორია, ამიტომ, მე ვერ მივიღებ მონაწილეობას ასეთი თემების აქტუალიზაციაში. ასეთი თემების, ზოგადად რუსული თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი. ეს არ არის ჩემი ინტერესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება და ამისთვის უკვე ადგილს ეძებენ.
აღნიშნულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ცნობით, ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება.