აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის საქმეს, ძალიან გვაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა საქართველოში აშშ-ის ხუთი ყოფილი ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა უზრუნველყოს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს. ძალიან გვაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქართველოს მთავრობას, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად არაერთხელ ვუთხარით, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან მჭიდრო მონიტორინგს“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.