“საქართველოში, მე თუ მკითხავთ, დღეს ყველა პროდასავლური პოლიტიკური აქტორები და ძალები არიან”- ძაბირაძე

წინასაარჩევნოდ სხვადასხვა კვლევები და გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოში ძირითადად ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას” და „ნაციონალურ მოძრაობასა” ჰყავს. კვლევების შედეგები ასევე აჩვენებს, რომ არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველიც, რომელიც როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან” კომენტირებისას აცხადებენ , არჩევანს სწორედ იმ პოლიტიკურ ძალაზე შეაჩერებს, რომელიც მისი მოთხოვნების შესაბამის პროგრამას წარადგენს და მის პოლიტიკურ შეხედულებებთან ახლოს დგას.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ რა ტიპის ახალ პოლიტიკურ ძალას ითხოვს ქართული საზოგადოება დღეს, როგორია მისი დაკვეთა, ამის განსაზღვრა რთულია, რადგან მოსახლეობის აზრი ამასთან დაკავშირებით არ ვიცით, თუმცა, ქართველი ხალხი თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე კონსერვატორია – სწორედ ასეთი მიმართულების პოლიტიკური გაერთიანებების მომხრე იქნება.

„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია იმიტომ, რომ გამოკითხვები უნდა ჩატარდეს და მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, თუ რა ტიპის ახალი პოლიტიკური ძალა უნდა, რომ იხილოს ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე.

„იმიტომ, რომ როდესაც ხალხს ეკითხებიან, თუ რომელი პოლიტიკური ძალა დგას თქვენთან ყველაზე უფრო ახლოს – 48-50% ხანდახან ამბობს, რომ არცერთი პოლიტიკური ძალა არ დგას. თუმცა, გამოკითხვის ავტორები რატომღაც არ ჩაეკითხებიან რესპონდენტს, თუ შენ არ მოგწონს მეინსტრიმული პოლიტიკური ძალები, რა პოლიტიკურ ძალას ისურვებდი, რომ გამოჩნდეს ქვეყნის ასპარეზზე და რადგანაც მოსახლეობების განწყობები არ ვიცით, ასეთი ზოგადი პასუხის გაცემა ძალიან რთულია.

„მოსახლეობისგან უნდა წამოვიდეს რა ტიპის პოლიტიკური ძალა სურს უფრო ისეთი ეროვნულ და ნაციონალურ პატრიოტულ თემებზე ორიენტირებული და კონსერვატიულ-ტრადიციონალისტური ღირებულების მატარებელი, თუ პირიქით, უფრო ულტრალიბერალური და უფრო დასავლური ღირებულებებისკენ გადახრილი პარტია.

„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პარტიები ჩვენ გვყავს, ჯერჯერობით არც ერთს და არც მეორეს დიდი ელექტორალური მხარდაჭერა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ეს კითხვა ჯერჯერობით ღიად რჩება.

„მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი საზოგადოება მაინცდამაინც ამ დონეზე მოდერნიზებულია, მოდერნიზებული შეიძლება ახალგაზრდების რაღაც ნაწილი იყოს, განსაკუთრებით ისინი ვინც დასავლეთში მიიღო განათლება, მაგრამ მთლიანობაში ჩემი პირადი შეფასებით, ის ეყრდნობა ნაწილობრივ კვლევებს, ნაწილობრივ პროცესებზე დაკვირვებას, მაინც მგონია რომ ჩვენი საზოგადოება მაინც ორთოდოქსულ-კონსერვატიულ საზოგადოებად რჩება” – განაცხადა „რეზონანსთან” ზაალ ანჯაფარიძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ქართული ელექტორატისთვის, რომელსაც არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, მნიშვნელოვანია რა იქნება ახალი პოლიტიკური ძალისგან ისეთი, რაც იმ ჩიხიდან გამოგვიყვანს, რაშიც 30 წელია ვტრიალებთ.

„იცით რაშია საქმე, საქართველოში უცნაური სიტუაცია გვაქვს, იმიტომ რომ არსებობს ელექტორატი, რომელიც „ქართულ ოცნებას” დაუჭერს მხარს ყოველგვარი მოთხოვნების გარეშე და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე – ეს არის „ქართული ოცნების” მყარი ელექტორატი და არსებობს „ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატი, რომელიც ასევე ყველა შემთხვევაში, მხარს დაუჭერს „ნაციონალურ მოძრაობას”.

„ეს პროცესი ასეთი უკვე ათი წელია გრძელდება. ასე რომ ამ ამომრჩეველთან ამ ორ კატეგორიას არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს და რაღაც ექსტრაორდინალური უნდა მოხდეს რომ მათ პოზიცია შეიცვალონ.

„ამიტომ, თუ ლაპარაკია რას ითხოვს ამომრჩეველი, ამომრჩევლის იმ ნაწილის მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ რომელსაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია, მაგრამ როგორც ჩანს არც „ქართული ოცნება” უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა”.

„ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეს ამომრჩეველი თავისი პოტენციური რჩეულისაგან ითხოვს პირველ რიგში პოზიტიურ პროგრამას, მეორე, აუცილებელი არის ანალიზის საფუძველზე, თუ რა არსებული 30-წლიანი წრეში ტრიალისგან რა გამოგვიყვანს, ამ ჩიხიდან რა გამოგვიყვანს და რაც მთავარია, ითხოვს, თუ შესაძლებელია ახალ ლიდერს. ეს სამი კომპონენტი ალბათ არის აუცილებელი იმისთვის რომ ამ გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს ახალ პოლიტიკურ ძალას.

„საქართველოში, მე თუ მკითხავთ, დღეს ყველა პროდასავლური პოლიტიკური აქტორები და ძალები არიან და ამ მხრივ პრობლემები ნაკლებად არის” – განაცხადა „რეზონანსთან” ვახტანგ ძაბირაძემ.

 

ნაზი ბერიძე