ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს სამი ახალი შემთხვევა, სოფელ ხეოთში, ანდრიაწმინდასა და ქალაქ ახალციხეში დაფიქსირდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 15 ადამიანი დაავადდა. მათგან ერთი, წყალთბილაში მცხოვრები ოჯახის ექიმი გარდაიცვალა.
დაავადების შემთხვევები შემდეგ სოფლებში დაფიქსირდა: ასპინძის მუნიციპალიტეტი – ტოლოში, ძველი, რუსთავი, ოთა, ადიგენის მუნიციპალიტეტი – აბასთუმანი, ნაქურდევი, ახალციხის მუნიციპალიტეტი – ანდრიაწმინდა, მუსხი, წყალთბილა, ანდა, ხეოთო.
რა არის ყირიმ-კონგო?
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება.
ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები და ის პირები, ვინც საველე სამუშაოებს ახორციელებენ.