აშშ ტაივანს 345 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს მიაწვდის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარადგინა ტაივანისთვის იარაღით დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულებაც 345 მილიონ დოლარს შეადგენს. ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა პაკეტში შემავალი იარაღის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გაევრცელებინა.

გადაწყვეტილება, შესაძლოა, ჩინეთმა კრიტიკულად შეაფასოს. პეკინმა არაერთხელ მოსთხოვა შეერთებულ შტატებს, ტაივანის იარაღის ყველაზე მნიშვნელოვან მიმწოდებელს, შეაჩეროს კუნძულისთვის იარაღის მიყიდვა.

ბოლო კვირების განმავლობაში, ოთხმა წყარომ, ანონიმურობის დაცვით, Reuters-ს უთხრეს, რომ პაკეტში მოსალოდნელი გათვალისწინებული იყოს MQ-9A სადაზვერვო თვითმფრინავი. თუმცა, აღნიშნეს, რომ მათი მიწოდება შეიძლება შეფერხდეს, რადგან, ოფიციალური პირების განმარტებით, იგეგმება დრონებიდან იმ აღჭურვილობის ამოღება, რომელზედაც წვდომა მხოლოდ აშშ-ს საჰაერო ძალებს აქვთ.

გასულ კვირას აშშ-ს გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ თქვა, რომ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის პროცესი უნდა აჩქარდეს, რათა პეკინმა თავდასხმა გადაიფიქროს.

ტაივანსა და აშშ-ს შორის საბრძოლო თვითმფრინავების და ტანკების შესყიდვის პროცესი წლებია მიმდინარეობს. მარკ მილის აზრით, ტაივანს ამჟამად ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება.

11-12 ივლისს, NATO-ს ვილნიუსის სამიტის მიმდინარეობისას ჩინეთმა ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები დაიწყო. 13 ივლისს ტაივანის სრუტეზე ამერიკულმა საზღვაო ძალების თვითმფრინავმა გადაიფრინა.