აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ უნგრეთის საცავების გაზით შევსება დაიწყო

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ, „სოკარმა“ უნგრეთის საცავების გაზით შევსება დაიწყო.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს,  ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიარტომ განაცხადა. საცავებში პირველი 50 მილიონი კუბური მეტრის ჩატვირთვა მიმდინარეობს.

„ბოლო წელიწად-ნახევარი ევროპა მუდმივად აწყდებოდა სერიოზულ ენერგეტიკულ კრიზისს. სანქციების გამო ფასები ავარდა, მიწოდების ჩვეული მარშრუტები კი არ მოქმედებს. ამის მიუხედავად, უნგრეთის ენერგომომარაგება მთელი ამ ხნის განმავლობაში სტაბილური რჩებოდა“, – აღნიშნა სიარტომ.

უნგრეთის სახელმწიფო ენრეგოკოამპანიამ და „სოკარმა“ 100 მილიონი კუბური მეტრის გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება ივნისის დასაწყისში გააფორმეს.

აზერბაიჯანმა ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება სამხრეთის გაზის დერეფნით 2020 წლის ბოლოს დაიწყო.