ჩვენ თავად მივიღებთ გადაწყვეტილებებს ისრაელის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უარყო საერთაშორისო კრიტიკა იმის შესახებ, რომ მისი სასამართლო რეფორმა ძირს უთხრის დემოკრატიას.
„მე არასდროს გამიკეთებია კომენტარი სხვა ქვეყნების შიდა საკითხებზე. ყველას აქვს საკუთარი აზრი ისრაელზე, თუმცა მათ არ აქვთ მოსაზრება საფრანგეთში მომხდარ არეულობებზე, საპროტესტო აქციებზე ან სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ საერთაშორისო ზეწოლა მასზე გავლენას არ მოახდენს.
„ჩვენ თავად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. დემოკრატიულ ქვეყნებში, სუვერენულ სახელმწიფოებში, ხალხის არჩეული წარმომადგენლები იღებენ გადაწყვეტილებებს და ასე იქნება ისრაელშიც“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან ერთად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ცდილობს, მიაღწიოს კონსესუსს, რადგან დემოკრატიისთვის უკეთესია, რომ სასამართლო ცვლილებები რაც შეიძლება ფართო კონსესუსით განხორციელდეს.
„სასამართლო რეფორმა რეალურად გააძლიერებს ისრაელის დემოკრატიას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა, მიიღო ახალი, სადავო სასამართლო კანონპროექტი, რომელიც ზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას. სასამართლო რეფორმამ გამოიწვია საპროტესტო აქციები და გაფიცვები.