ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გაიდაიყვანოს

სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის ლი ციანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, პეკინში გაიმართა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩინეთი საქართველოსთვის საიმედო სავაჭრო პარტნიორია და საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3 ადგილზეა – ექსპორტის მხრივ პირველ ადგილზეა, ხოლო იმპორტის მხრივ, მე-3 ადგილს იკავებს. მხარეებმა განიხილეს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული შედეგები, რამაც 2022 წელს 2 მილიარდ დოლარს მიაღწია

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. ირაკლი ღარიბაშვილმა ლი ციანს ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით ქვეყანაში არსებული პოტენციალის და იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებზევ მთავრობა აქტიურად მუშაობს.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და „შუა დერეფნის” განვითარების მნიშვნელობაზე, რომელმაც მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. ტრანსკასპიური და სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გავლით, საქართველო ჩინეთს ევროპასთან უმოკლეს დროით აკავშირებს.

განიხილეს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში რეგიონალური ინიციატივები, რომლებიც გაზრდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესაძლებლობას, გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი.

საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა იზრდება და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მალე პანდემიამდელი სტატისტიკა აღდგება.

ამ მიმართულებით მისასალმებელია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა, რაც ხელს უწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას. ასევე, აღინიშნა თანამშრომლობა ციფრული ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის ქვეყანაში 5 G ტექნოლოგიების განვითარების და მონაცემთა ცენტრების შექმნის, ციფრული დერეფნისა და საქართველოი რეგიონული ციფრული ჰაბის ჩამოყალიბების მიმართულებით.

„ბატონო პრემიერო, დიდი პატივი და სიამოვნებაა ჩემთვის, დღეს თქვენთან შეხვედრა, უპირველეს ყოვისა, უნდა ვთქვა, რომ დიდად ვაფასებთ ჩინეთთან ურთიერთობას და მეგობრობას. ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი-გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა.

ბატონო პრემიერო, მე მქონდა პატივი და შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტ სი ძინპინს ქალაქ ჩენგდუში და უსაზღვროდ მადლობელი ვარ მისი თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.

ასევე, მქონდა პატივი, დავსწრებოდი მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას, რომელიც ფანტასტიკური და დიდად სანახაობრივი იყო. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება პრეზიდენტი სი ძინპინისა და თქვენდამი.

ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პატივი გვერგო იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გაზრდის.

მიმაჩნია, რომ კონკრეტულ შედეგებს მოუტანს საქართველოსა და ჩინეთს. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ უკვე ვახსენე პრეზიდენტ სი ძინპინთან, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. აქვე მინდა გამოვხატო მადლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. დიდად ვაფასებთ ჩინეთთან მეგობრობას და თანამშრომლობას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და საუბარს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა!”,-განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ლი ციანს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მიიწვია.

ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიის ვაჭრობის სამინისტროს შორის ციფრულ ეკონომიკაში საინვესტიციო თანამშრომობის შესახებ.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ენის სწავლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენის ერთობლივი სწავლების შესახებ.

ასევე, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ აუდიტის სამსახურს შორის და ასევე შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციას შორის.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა, საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას დაადასტურა ჩინეთ-საქართველოს მკაფიო ურთიერთობა. „ვიცი, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში. ორივე ვადის განმავლობაში თქვენ ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ”.

მისი თქმით, ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს.

„მადლობას მოგახსენებთ მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩინეთში ჩამობრძანებისა და პეკინში სტუმრობისთვის. თქვენ ძალიან ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ბრძანდებით საქართველოში და ჩინელი ხალხის დიდი ხნის მეგობარი.

ვიცი ასევე, რომ მეორე ვადით მართავთ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის რანგში. ორივე ვადის განმავლობაში ღირებულად მიგყავდათ წინ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან. ამ ძალისხმევას დიდად ვაფასებთ. გასულ წელს ჩვენმა ორმა ქვეყანამ აღნიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ჩენგდუში თქვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდათ პრეზიდენტ სი ძინ პინთან. საუბარი იყო ჩვენი ორმხრვი კავშირების ახალ ერაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.

მოგვიანებით ჩვენი ორი ქვეყანა უმასპინძლებს სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც გაზრდის ჩვენს ორ მთავრობას და ბიზნეს წრეებს შორის კომუნიკაციასა და კოორდინაციას.

ჩვენი ქვეყნების მიერ გამოქვეყნდება ასევე ერთობლივი კომუნიკე ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის მიზნით. ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იქნება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გაიდაიყვანოს”, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა.

 

ნაზი ბერიძე, “რეზონანსი”