ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება 1-ლი აგვისტოდან დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ 2023 წლის გამოცდები შეაჯამა და პირველადი შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით პირველი აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.