„ვაგნერის“ ბელარუსში ყოფნა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც გავრცელდა პირველი ინფორმაცია იმის შესახებ,რომ „ვაგნერის“ დაჯგუფება შეიძლება, ბელარუსში განლაგდეს, მე მაშინვე განვაცხადე საფრთხის შესახებ“, – განაცხადა ნაუსედამ.
მისივე თქმით, „ვაგნერელების“ მხრიდან პროვოკაციების სერიოზული საფრთხე არსებობს ლიეტუვის, პოლონეთისა და ლატვიის წინააღმდეგ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ აჯანყების მცდელობის შემდეგ, ლიეტუვამ დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღო. ნაუსედას თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პროვოკაციების შემთხვევაში ლიეტუვის შეიარაღებული ძალები მესაზღვრეებს დაეხმარებიან.
„ამჟამად მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი და სადაზვერვო ოპერაციების გაძლიერება. ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს იმისა, რომ ლიეტუვის არმია მესაზღვრეების დასახმარებლად მივიდეს“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
წყარო: lrt.lt