მინდა, მოვუწოდო იმ ხალხს, ვინც თავისი ქმედებებით თუ განცხადებებით ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, გაუგებარია, რა განსხვავებაა თვითმფრინავით თუ გემით ჩამოსულ ვიზიტორებს შორის, ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით ხელი შეეშალოს, ტურიზმი არ განვითარდეს და მოხდეს დესტრუქცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილი ყველას მოუწოდებს, მოერიდონ ქვეყნის დაზიანებას.
„ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, ტურიზმი ვითარდება და გაუგებარია, მსგავსი ტიპის გამოხატული აგრესია კონკრეტული ადამიანების მისამართით. მეორე მხრივ, საქართველო, როგორც არაერთხელ ითქვა, შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან. არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსულიყოს მსგავსი სატრანსპორტო საშუალებით ან თვითმფრინავის საშუალებით რომელიმე სანქცირებული ავიაკომპანია ან ბორტი. შესაბამისად, საქართველო საერთაშორისო რეგულაციების მიმართულებით ასრულებს თავის ვალდებულებებს, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ერთადერთ რამეს ემსახურება გამოხატული დამოკიდებულება საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების წინააღმდეგ, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ტურიზმის განვითარებასთან, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გამოხატულებისგან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ, აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.