ლევან დავითაშვილი – ძალიან შთამბეჭდავი მონაცემები გვაქვს ტურიზმის აღდგენის კუთხით და ეს ერთ-ერთი პირდაპირი, მყისიერი ეფექტია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე

ეკონომიკა ივნისში 7,7 %-ით გაიზარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იანვარი-ივნისის ჩათვლით საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 7,6 %-ით გაიზარდა, ეს განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური ზრდაა, თუ შევადარებთ რეგიონის და, უფრო ფართოდ, ევროპისა და აზიის ქვეყნებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის საფუძველი ბევრი მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდაა.

„ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, რომ ქვეყანას ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ორი წინა წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში და ასეთი მაღალი ზრდის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციის კუთხით. რაც შეეხება მიზეზს, თუ რა არის ეკონომიკური ზრდის საფუძველი, ამის საფუძველი ბევრი მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდაა, თუმცა პირდაპირ დაკავშირებულია ეს ეკონომიკური აქტივობის ზრდა სტაბილურობასთან და იმ მშვიდობიან პოლიტიკასთან, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას გააჩნია. პირდაპირ მინდა, გითხრათ, რომ ერთ-ერთი კონტრიბუტორი, რომელიც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ეს არის ტურიზმის სექტორი. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირველი ორი კვარტლის განმავლობაში არის დაახლოებით მილიარდ 800 მილიონი დოლარი, ეს 20%-ზე მეტად აღემატება 2019 წლის და კიდევ უფრო მეტად აღემატება გასული წლის მონაცემებს, შესაბამისად, ძალიან შთამბეჭდავი მონაცემები გვაქვს ტურიზმის აღდგენის კუთხით და ეს ერთ-ერთი პირდაპირი, მყისიერი ეფექტია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.