რომის პაპი – მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ხელისუფლებას, აღდგეს შავი ზღვის ინიციატივა

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის ხელისუფლებას „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით მიმართა და გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა.

„მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რათა აღდგეს შავი ზღვის ინიციატივა და მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მოხდეს“, – განაცხადა რომის პაპმა.

წმინდა პეტრეს მოედანზე სიტყვით გამოსვლისას პონტიფიკოსმა მრევლს მოუწოდა განაგრძონ ლოცვა „უკრაინისთვის, სადაც ომი ანადგურებს ყველაფერს, მარცვლეულსაც კი“. რომის პაპმა ამ ფაქტს „ღმერთის მძიმე შეურაცხყოფა“ უწოდა.

ინფორმაციისთვის, 17 ივლისს რუსეთის ფედერაციამ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. კრემლში განაცხადეს, რომ როგორც კი დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება შეთანხმებას.