საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობის „სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების“ შესახებ უეცრად გახდა ცნობილი. პრემიერი აზრით, ეს ისტორიული მოვლენაა და საქართველოსთვის ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება უკვე გამოაქვეყნა. თუმცა, ჯერჯერობით, იმაზე საუბარი, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას ეს პარტნიორობა, ნაადრევია.
ახლა დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომით შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და შუა დერეფანზე, იგივე აბრეშუმის გზაზე გაზრდილი მოთხოვნა საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს, რომელთა გამოყენებისთვისაც ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა აუცილებელი იქნება.
საქართველო ერთ-ერთი იშვიათია იმ სახელმწიფოთაგან, რომლებსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ჩინეთთანაც და ევროკავშირთანაც. ამ უპირატესობის გამოყენებას სიფრთხილე ესაჭიროება – კომუნისტური იდეოლოგიის და ავტორიტარული მმართველობის მქონე სახელმწიფოს საკუთარი პოლიტიკური მიზნები გააჩნია და მასთან ურთიერთობას მნიშვნელოვანი რისკებიც ახლავს თან, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია.
ერთ-ერთი ასეთ რისკად ამერიკასთან, რომელიც სწორედ სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსთვის და ზოგადად, დასავლეთთან ურთიერთობაში კითხვის ნიშნების გაჩენაა იმის შესახებ, თუ საითაა ჩვენი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვექტორი მიმართული – აღმოსავლეთისკენ თუ დასავლეთისკენ.
შესაძლო სარგებელსა და რისკებზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა, მარჩიელობა რომ არ გამოვიდეს, წყლის გაწმენდა დროს მივანდოთ და საქართველო-ჩინეთის ახლანდელი ეკონომიკური კავშირი მიმოვიხილოთ.
ვაჭრობა
ჩინეთის მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეორეა და გასაკვირი არაა, რომ მას საქართველოს სავაჭრო ბრუნვაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ჩინეთი 794.8 მლნ აშშ დოლარით სავაჭრო პარტნიორების სიაში მეოთხე ადგილზეა. მას მხოლოდ თურქეთი, რუსეთი და აშშ უსწრებენ.
აღსანიშნია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვაჭრობა 13.9%-ითაა შემცირებული. აქედან ექსპორტი 219.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და 45%-ითაა შემცირებული, იმპორტი კი 575.1 მლნ აშშ დოლარს აღწევს და 9.9%-ითაა გაზრდილი.
უნდა ითქვას ისიც, რომ ჩინეთთან ვაჭრობა თითქმის ყოველწლიურად იზრდება და გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს, 1.86 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ინვესტიციები
საქსტატის მონაცემებითვე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 19.9 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში ჩინეთი მერვე ადგილზეა, პირველზე კი ნიდერლანდები 239.6 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება 2022 წელს, ჩინეთიდან ინვესტიციები ორწლიანი კაპიტალის გადინების პერიოდის შემდეგ აღდგა და 108.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები
ამ კრიტერიუმით ჩინეთი მნიშვნელოვნად არ გამოირჩევა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2023 წელს ჩინეთში საქართველოდან უფრო მეტი თანხა გადაირიცხა (1.2 მლნ აშშ დოლარი), ვიდრე გადმოირიცხა (409.5 ათასი აშშ დოლარი). 2022 წელს გადარიცხულმა თანხამ 4.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ჩარიცხულმა 812.4 ათასი აშშ დოლარი.
საერთაშორისო ვიზიტორები
თუ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ, ჩინელი მოგზაურებისთვის საქართველო არც ისე მიმზიდველი ადგილმდებარეობაა.
სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების მიხედვით ჩინეთი ტოპ-15-ში არ შედის და ამ პერიოდში საქართველოში 12,659 ვიზიტი განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი დაბალია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან, 3,040 ვიზიტთან შედარებით ზრდა 316.4%-ს შეადგენს, რაც იმედის ნაპერწკალს აჩენს.