„რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით მილიარდ დოლარს. ეს ნიშნავს იმისა, რომ დაიკარგება 20-30 ათასი სამუშაო ადგილი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ მიზანია ქვეყანაში არეულობის შემოტანა.
„ყოველი საკრუიზო გემიდან სახელმწიფოს შემოსავალი არის 350 ათასი ლარი, რაც ცოტა არ არის. არც ძალიან ბევრია, მაგრამ არც ცოტა არ არის. „ნაცმოძრაობამ“ პატარა ზიანი მიაყენა ეკონომიკას.
აღსანიშნავია, რომ თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტია, საიდანაც დაახლოებით 100 ათასს შეადგენს ტურისტების დანახარჯები და დაახლოებით 250 ათასს – გემის მიერ პორტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა.
იხილეთ განცხადებები, რუსი ტურისტები საერთოდ არ უნდა შემოვიდნენო. მე არ ვიცი, ვინმე ეთანხმებით ამას? დარწმუნებული ვარ, არავინ ეთანხმებით. მაგალითად, რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, წლის განმავლობაში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით მილიარდ დოლარს, როცა ჩვენი ეკონომიკა არის 30 მილიარდი დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიკარგება 20-30 ათასი სამუშაო ადგილი.
„ნაციონალებმა“ იციან, რომ ამ შემოსავლების შემცირებით ისინი ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააქცევენ, მაგრამ მას თუნდაც მცირე ზიანს მიაყენებენ, რაც „ნაციონალებისა“ და მათი პატრონების გადმოსახედიდან, უკვე საქმეა. ამასთან, მათი მთავარი მიზანი არა იმდენად საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება, რამდენადაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა და საქართველოსთვის პოლიტიკური რისკების შექმნაა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.