“ამჟამად ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთი უკრაინაზე მასობრივ ზეწოლას განახორციელებს და იძულებულს გახდის ზამთრის პერიოდში, რომ რუსეთთან ცეცხლის ცალმხრივ შეწყვეტაზე დასთანხმდეს” – ამის შესახებ DIE WELT-ის ევროპის კორესპონდენტი კრისტოფ შლიცი გუშინ გამოქვეყნებულ თავის სტატიაში ამტკიცებს და ამ პოზიციას ვიდეო-კომენტარშიც ასაბუთებს:
“დასავლეთი ამბობს, რომ უკრაინა თავად წყვეტს, სურს თუ არა ცეცხლის შეჩერება, მაგრამ სინამდვილე სხვაგვარია – დასავლეთის ხელშეწყობის და დახმარების გარეშე უკრაინა ომში ორ კვირაზე მეტი ვერ გაძლებს; შესაბამისად, ზემოქმედების ბერკეტებს დასავლეთ ფლობს” – ამბობს ბრიუსელის კულუარების ინსაიდერი კრისტოფ შლიცი.
იგი თავის ვერსიას დამღლელი ომის უშედეგობით ასაბუთებს. ამ უშედეგობის გაცნობიერება დასავლეთის პოლიტიკურ ელიტაში უკვე მიმდინარეობს:
“დასავლეთი ზელენსკიზე ზეწოლას განახორციელებს, როდესაც დარწმუნდება, რომ ამ ომს შედეგი არ მოაქვს და იგი მხოლოდ გაძლებაზე ომია. დასავლეთში გადამწყვეტად მიიჩნევენ უკრაინის ამჟამინდელ შეტევას, რომელიც უკვე 60 დღის მანძილზე მიმდინარეობს, … ახლა არის გადამწყვეტი ეტაპი … უკრაინის კონტრშეტევა ისე არ მიმდინარეობს, როგორი მოლოდინებიც არსებობდა ამასთან დაკავშირებით… შეერთებულ შტატებში კი ომის მხარდაჭერა საკმაოდ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპაში” – მიიჩნევს კორესპონდენტი და ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების – თავდაცვისა და საგარეო მინისტრების შესაბამისი ციტატები მოჰყავს.
შლიცი შეახსენებს აშშ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მარტში გაკეთებულ განცხადებასაც, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ სავსებით რეალურია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.
“ცეცხლის შეწყვეტა, მოცემულ შემთხვევაში, იმდენად არა სამხედრო, არამედ უფრო პოლიტიკური აზრით განისაზღვრება. უკრაინას აიძულებენ, რომ რუსეთს შესთავაზოს ცეცხლის შეწყვეტა, რასაც რუსული მხარე აუცილებლად დასთანხმდება, რადგან მიღწეულით უკვე დაკმაყოფილებულია” – აღნიშნავს სტატიის ავტორი.