აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მას 561 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
“იმის გამო, რომ თაღლითი ჯოს [ბაიდენი] კორუმპირებულმა იუსტიციის დეპარტამენტმა უკანონოდ წამიყენა ბრალი, ცნობები მიუთითებენ იმაზე, რომ მე ახლა საერთო ჯამში 561-წლიანი პატიმრობა მემუქრება მემარცხენეების მიერ ორგანიზებული კუდიანებზე ნადირობის გამო”, – ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.
როგორც გამოცემა The Hill-ი განმარტავს, ბრალდებულებს იშვიათად ემუქრებათ მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა ყველა იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.
ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.
გარდა ამისა, 13 ივნისს, დონალდ ტრამპს მაიამის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე.