ლერი ბარნაბიშვილი – სტიქიის ზონაში სამუშაოები მიმდინარეობს ფრთხილად, ცოცხალი ძალის თანდასწრებით მძიმე ტექნიკასთან ერთად

სტიქიის ზონაში სამუშაოები მიმდინარეობს ფრთხილად, ცოცხალი ძალის თანდასწრებით მძიმე ტექნიკასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ლერი ბარნაბიშვილმა აღნიშნა, სამაშველო სამუშაოები გაგრძელდა დილის 06:00 საათიდან.

„როგორც მოგეხსენებათ, გზა იჭრება, რათა ამ მეწყრულ მასას ორივე მხრიდან მიუდგნენ მაშველები. დაახლოებით რვა ერთეული ტექნიკა მუშაობს უკვე ერთ მხარეს, იმ ლოკაციაზე, სადაც ძირითადად იქნა გუშინ ნაპოვნი ცხედრები. მძიმე ტექნიკა მუშაობს სამაშველო სამსახურის ქვეითებთან ერთად, ვინაიდან ჩვენ სამძებრო სამუშაოებს ვახორციელებთ იმ დათქმით, რომ უნდა ვიპოვოთ ცოცხალი ადამიანები და, სამწუხაროდ, შესაძლოა, იყოს გვამებიც. ამიტომ სამუშაოები მიმდინარეობს ფრთხილად. ცოცხალი ძალის თანდასწრებით მძიმე ტექნიკასთან ერთად.

რაც შეეხება გუშინდელ მიცვალებულებს, 11-დან, ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, ამოცნობილია ექვსი პიროვნება. ისინი იმყოფებიან პროზექტურაში და მიმდინარეობს ასევე დამატებითი სამუშაოები დანარჩენების ამოსაცნობად. სამწუხაროდ, ისეთ გარემოში იქნა აღმოჩენილი ცხედრები, რომ ისინი დაზიანებულია, ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც და, შესაბამისად, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად.

გუშინ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის სამინისტროს ძალები. ქვეითი მაშველები იქ იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად. ასევე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა და მეორე მხრიდან დღეს გაიჭრება მეწყრულ მასასთან მისასვლელი გზა. კოტეჯებთან გუშინაც მუშაობდა ცოცხალი ძალა, დღესაც მუშაობს და მძიმე ტექნიკაც ახლოსა და მალე მივუახლოვდებით იმ ადგილს, სადაც იყო ეს ყველაფერი“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.