გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელებული ინფორმაციით, რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. დამსვენებლები სოციალური ქსელის საშუალებით პირდაპირ ეთერში ტელეფონებით ერთვებოდნენ და შველას ითხოვდნენ. სამ საათში სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაება, ადგილზე ჩავიდა ოთხასამდე მაშველი, რომელიც აქამდე ეძებენ დაკარგულ ადამიანებს.
ბოლო ინფორმაციით, რაჭაში მეწყერს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამად მაშველები 30-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პრევენციული ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა, თუ პროცესში იქნებოდნენ ჩართულები როგორც ხელისუფლება, ასევე ის ბიზნესმენები, ვისაც საკურორტო ზონაზე კოტეჯები და სასტუმრო ჰქონდათ. მისი თქმით, აუცილებლად უნდა სცოდნოდათ დამსვენებლებს თუ რამდენად საშიში იყო ეს ზონა დასვენებისთვის…
– ბატონო ზურაბ, ამ გადმოსახედიდან იყო თუ არა შესაძლებელი ადგილზე პრევენციული ღონისძიებების ჩატარება?
– გარკვეულწილად შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს არის მეწყერული და ღვარცოფის საშიშროების მქონე უბანი და ალბათ მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ როგორც მშენებლობას, ასევე საკურორტო ზონების მოწყობას. დამსვენებლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია. შეიძლება ეს მასშტაბი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივ ელოდნენ, მაგრამ უახლოეს წლებში ასეთი მასშტაბის სტიქიური მოვლენა ნამდვილად არ მომხდარა.
– ამბობენ, რომ ეს კოტეჯები 50 წელია, რაც აშენებულია.
– კი ბატონო, მაგრამ თბილისში, 2015 წელს ვერეს ტრაგედია რომ გავიხსენოთ, იქაც 50 წლის წინ მოხდა ანალოგიური შემთხვევა. ამას გულისხმობს კვლევა და პრევენცია, უნდა გამოიკვლიო მდინარეების ადიდების მასშტაბები და პერიოდები. მე დიდი ხანია იქით არ ვყოფილვარ, მაგრამ სატელიტურ გამოსახულებაზე რომ დავხედე, ძალიან ახლოს არის მდინარესთან ეს კოტეჯები, სადღაც 10-15 მეტრში დგას, ეს ადგილები მდინარის კალაპოტი თუ არა, მიმდებარე ტერიტორია მაინც არის.
– როგორ ფიქრობთ, რაიმე ნიშნები იქნებოდა, სანამ მეწყრული პროცესი დაიწყებოდა, რაც შესაძლოა, ვინც ამაზე იყო პასუხისმგებელი, გამორჩათ?
– არ მგონია, რომ იქ დაკვირვების სისტემები ყოფილიყო, მაგალითად, რაც ახლა ბეთანიის გზაზე დააყენეს. ამ სისტემების წყალობით, თუ მეწყრული პროცესი დაიწყება, ავტომატურად ხდება გზის გადაკეტვა და შეტყობინება. პირველ რიგში, ამის მაუწყებელი იქნებოდა წვიმა, რომელიც რამდენიმე საათით ადრე მოვიდა, მაგრამ როგორც გითხარით, იქ არ იქნებოდა ეს სისტემა, რომ ვინმე გაეფრთხილებინა.
სწორედ ამას ვგულისხმობ თანამედროვე უსაფრთხოების ზომებში, რომ მსგავს ადგილებში აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილების სისტემა. რა თქმა უნდა, მსგავსი მასშტაბის კატასტროფები შეიძლება ყველგან მოხდეს, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ასეთ შემთხვევაში ნაკლებია მსხვერპლი.
გარემოს ეროვნული სააგანეტოს გეოლოგიური დეპარტამენტი ყოველწლიურად ანგარიშებს აქვეყნებს და ამ ბიულეტინებში მითითებულია ეს ტერიტორა როგორც უკიდურესაც საშიში, პირდაპირ შეგიძლიათ ნახოთ, შემოხაზულია, შოვის ირგვლივ მეწყრები და ღვარცოფები.
– მომხდარის მასშტაბებს ხახიეთის ტრაგედიას ადარებენ…
– ის განსხვავებული იყო იმით, რომ ტრაგედია ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია და ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ რაც შეეხება მეწყრებს, აქ ცოტა სხვანაირად არის საქმე. ახლა რომ ვუყურებ ამ ტერიტორიას, მგონია, რომ ცოტა უფრო კარგად უნდა შეეფასებინათ ეს ყველაფერი.
– ბატონო ზურაბ, საქართველოში კიდევ რომელია მეწყერსაშიში ზონები?
– მთიან ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ლამაზი მთები, რელიეფი, მდინარე, ასეთი ამბები მოსალოდნელია, მაგრამ გეოლოგების მოვალეობა ისაა, რომ შეაფასოს, რამდენად საშიშია ესა თუ ის ტერიტორია.
ზოგადად მთიანი რეგიონები ყველგან საშიშია და თუ მეწყერსაშიშროებაზეა საუბარი, რაჭას და დასავლეთ საქართველოს გამოვყოფ, რადგან იქ ტენიანობა მეტია. აჭარაშიც ძალიან ინტენსიურია მეწყრული პროცესები. თუ კახეთის მხარეს ავიღებთ, იქ ღვარცოფები ძალიან ხშირია.
– კეთდება განცხადებები, რომ სათანადოდ აღჭურვილი ვერტმფრენები რომ გვყოლოდა, შესაძლოა, ჯერ კიდევ წუხელ ადამიანების დიდი ნაწილი გამოეყვანათ.
– მე სამაშველოს სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამაზე ხშირად იყო საუბარი, რომ სამაშველო ვერტმფრენები ჩვენ არ გვყავს. ის ვერტმფრენები, ახლა რომ აჩვენებდნენ, სამაშველო არ არის. სასურველია, რომ ასეთი რამ გვქონდეს, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ბუნებრივი კატაკლიზემების პრევენციას ახდენს ბევრი სხვა ღონისძიებაც, მაგალითად, დამსვენებელები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რა შეიძლება მოხდეს, ასევე ადგილობრივი პერსონალიც, ბიზნესმენები, ვისაც ეს სასტუმრო და კოტეჯები ეკუთვნოდათ, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გაფრთხილებულები. ამ დროს, მაქსიმალურად უნდა ყოფილიყვნენ მომზადებულები, უნდა ჰქონოდათ კავშირის საშუალებები და მხოლოდ ტელეფონებზე არ უნდა ყოფილიყვნენ დამოკიდებულები. ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური ტექნიკა, ქუთაისიდან ჩასვლა დროის დაკარგვა იყო.
– რას გვასწავლის ეს ტრაგედია, შეიცვლება ამის შემდეგ თუნდაც პრევენციული ღონისძიებების კუთხით რამე?
– სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს. ბოლო წლების ტრაგედიებს რომ გადავხედოთ, დევდორაკი, ნენსკრას ხეობა, გამოდის რომ ვერაფერს ვწავლობთ. კლიმატის ცვლილების პირობებში ყველა ქვეყანაში დიდ ყურადღებას აქცევენ ბუნებრივ კატასტროფებს. მარტო აქცენტის გადატანა მაშველებზე, რომ აი, ვერტმფრენი რომ ყოფილიყო, მაშინ შეიძლებოდა ერთი და ორი ადამიანის გადარჩენაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანდ ეს პრობლემა რომ გადაიჭრას, საზოგადოების ყველა ფენის ინფორმირებულობაა და მობილიზებაა საჭირო.
ადამიანებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს შემთხვევებში, უსაფრთხოების კულტურა უნდა გვქონდეს. მოსახლეობას უნდა ჰქონდეთ მოთხოვნილება, როდესაც სახლს რომ ყიდულობენ, შეამოწმონ რამდენად ხარისხიანად არის აშენებული. დამსვენებელი რომ მიდის კურორტზე, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია უსაფრთხოებაზე. ასევე ბიზნესმენებს, სცენარები იწერება ხოლმე წინასწარ, რომ მსგავს შემთხვევებში, როგორ მოხდეს უსაფრთხო ადგილზე ხალხის გაყვანა.