საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, რომლებთან დაკავშირებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება, სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ.
შსს-ს ცნობით, მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამძებრო-სამაშველო ღონისძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ.
„დრონების საშუალებით მოხდა ტერიტორიის დათვალიერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და სტიქიის დროს დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრების შეხვედრა გუშინ მოხდა, რა დროსაც მათ გამოთქვეს სურვილი, თავად ენახათ სტიქიის ზონაში არსებული რთული მდგომარეობა.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველების მიერ სამძებრო-სამაშველო ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
დაკარგული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.