ირაკლი ღარიბაშვილი – შოვში მომხდარი ძალიან მძიმე განსაცდელია მთელი ქვეყნისთვის, მთავრობა პირველივე წუთებიდან ჩართული იყო

მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება, საშინელი ტრაგედიაა, რომელიც დატრიალდა შოვში, მთელი საქართველო შეძრა, ამიტომ კიდევ ერთხელ, მინდა, ჩვენი სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობა პირველივე წუთებიდან ჩართული იყო. ჩვენი გმირი მაშველები, 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში. ჩვენი 210 თანამოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო, გმირ მაშველებს. ჩვენი მხრიდან მობილიზება იყო სრული. ადგილზე იყვნენ ექიმები. ადგილზე არის მობილიზებული ასზე მეტი სპეციალური ტექნიკა. ბატონი ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს. ყველა ვიყავით მობილიზებული ადგილზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს მძიმე განსაცდელია ჩვენთვის ყველასთვის და კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – განაცხადა პრემიერმა.