მოვაჭრეს შეუძლია მომხმარებელს ათ ენაზე მოემსახუროს, თუმცა ერთი აუცილებლად უნდა იყოს ქართული – ლექვინაძე

უცხოელი – ძირითადად, რუსი – მეწარმეები ქართულენოვან მომხმარებელს ქართულად მომსახურების გაწევაზე უარს უცხადებენ. ამით ისინი კანონს არღვევენ, რადგან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება განახორციელოს ქართულ ენაზე.

შემთხვევებთან დაკავშირებით, ბათუმში, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საკითხის შესწავლაც დაიწყო.

ინფორმაციისთვის: კონკურენციის ეროვნული სააგენტო, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკითხის შესწავლას იწყებს კონკრეტული მომართვის შემთხვევაში, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედების ან ქმედებების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კანონთან დაკავშირებით დაბალი ცნობიერებაა, შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში ბიზნესსუბიექტებმა არ იციან, რომ მომსახურების ქართულად გაწევაზე უარის თქმით  კანონს არღვევენ.

„ვფიქრობ, რომ მეწარმეებმა არ იციან, რომ თუ მომხმარებელს ქართულ ენაზე მომსახურებას არ შესთავაზებენ, ისინი კანონს დაარღვევენ. ამიტომ, კონკურენციის ეროვნული სააგენტო ცდილობს, ამ მხრივ ცნობიერება გაზარდოს.

რაც შეეხება დარღვევის შემთხვევებს, უმრავლესობა რუსულ ენაზე მოდის, ასევე არის გალფის ქვეყნების ენები, რადგან ასეთი ობიექტების დამფუძნებლები ამ ქვეყნებიდან არიან“ – განმარტავს ლექვინაძე.

რამდენად შესაძლებელია რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის ამ ნაწილმა ბარიერი შექმნას ბიზნესის წარმოებაში? – წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას ირაკლი ლექვინაძე ასე პასუხობს:

„კანონი ბიზნესს ბარიერს არ უქმნის. ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში საქმის წარმოების ენა არის ქართული ენა. მომხმარებლის ჭრილში შეზღუდვა არ არის, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ მოვაჭრეს შეუძლია მომხმარებელს ათ ენაზე მიაწოდოს სერვისი და მომსახურება. ამაში შეზღუდული არავინ არ არის, თუმცა ამ ენებში აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო ენა“.