შოვის ტრაგედიის ფონზე, საქართველოს მთავრობამ ხელიდან გაუშვა უნიკალური შანსი, მიემართა რუსეთისთვის!

უსაზღვრო ბოროტება და სიშლეგე გამოავლინეს ნაც-მაკაკებმა, შოვში მომხდარ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებით: მთავრობას შეეძლო მეწყრის პრევენცია და არ გააკეთა ეს, თბილისის მერმა თავისი ბავშვები გადაარჩინა და სხვისი ბავშვები არ გამოიყვანა სტიქიის ზონიდან, მეწყერში მოყოლილი ხალხის გადარჩენა შეიძლებოდა და არ გადაარჩინეს და ა. შ. – გაჰკივიან დუჟმორეულები. ბუნებრივია, ამას ნორმალური ადამიანი შეძრწუნებით და ზიზღით უკუაგდებს, მაგრამ…

მაგრამ, არც ასე მარტივადაა საქმე – პროპაგანდა ნაწილობრივ მაინც მოქმედებს, კვალს ტოვებს ნაკლებად მომზადებულ მსმენელზე, რომელიც, ამავე დროს, არსებული ხელისუფლების მიმართ ბევრ რამეზე სამართლიან პროტესტს განიცდის. ასე, ერთმა ხნიერმა ტაქსის მძღოლმა მკითხა კიდეც, რას ვფიქრობდი იმაზე, რომ მთავრობას “შეეძლო” კატასტროფის პროგნოზი და ეს “არ გააკეთა”… განუწყვეტელი გუგუნი ოპოზიციური ტელეარხებიდან, მათ მიმართ საზოგადოების პირველი პროტესტის შემდეგ, დამთრგუნველად იმოქმედებს მოსახლეობის გარკვეულ, არც თუ მცირე ნაწილზე. ერთი-ორჯერ, უნებურად შევესწარი, სიცხიან თბილისში, საკუთარი სახლების წინ გამოსული ადამიანების კამათს ამ თემაზე. კამათი კი უკვე ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ერთი აზრი არ არის გაბატონებული.

ოპოზიციური ტელეარხების დემაგოგია მხოლოდ ტყუილზე რომ იყოს დაფუძნებული, მაშინ კიდევ არაფერი – კონტრპროპაგანდით შეიძლება, მცდარი ფაქტების განეიტრალება და ნამდვილი ფაქტების მოხმობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების კრიტიკოსები (რბილად რომ ვთქვათ), ერთ რამეში მაინც არიან მართალნი. კერძოდ, ირკვევა, რომ სამაშველო ვერტმფრენები საქართველოს არ ჰყავს; ისიც მართალია, რომ სტიქიის შედეგებთან ბრძოლის სამუშაოები დროში გაიწელა და თავიდანვე საკმაოდ ტლანქად მიმდინარეობდა. გვაკლია გამოცდილი მაშველი კადრები. რომ არა ადგილობრივი მოხალისეების დახმარება, ვითარება უფრო მძიმე იქნებოდა.

აღნიშნული დეფიციტების გამო, დღემდე ვერ იპოვეს ყველა დაღუპულის ცხედარი, ნაპოვნი ცხედრების გადმოსვენება კი (როგორც სატელევიზიო კადრებიდან ვიხილეთ) გაჭიანურდა.

ასეთ ვითარებაში, როდესაც სამაშველო ვერტმფრენებისა და გამოცდილი კადრების ნაკლებობაა, რა უნდა ეღონა ხელისუფლებას? იმით ტრაბახი, რომ 200-ზე მეტი ადამიანი გადაურჩა სტიქიას და შემდეგ ეს ადამიანები სატრანსპორტო ვერტმფრენებით გადმოაფრინეს რაჭიდან, საკმარისი არ არის. რჩება განცდა, რომ რაღაც კიდევ უნდა გაკეთებულიყო.

ეს “რაღაც”, ჩემი ღრმა რწმენით, არის ის, რომ მთავრობას უცხოური დახმარებისთის უნდა მიემართა. უცხოეთიდან კი ვინ დაგვეხმარებოდა ყველაზე ოპერატიულად და ეფექტურად? ეს მთლად უცხოეთიც არ არის, არამედ ჩვენი დიდი მეზობელი და ჩვენთან დიდი ისტორიით დაკავშირებული რუსეთია, რომლის საზღვართანაც მოხდა ჩვენი ტრაგედია. რუსეთს სახელმოხვეჭილი სამაშველო სამსახური აქვს, ფლობს საჭირო ტექნიკას და ყურის ძირიშია. მაშ, რატომ არ მიმართა საქართველოს ხელისუფლებამ დახმარებისთვის რუსეთს?

ზოგი იმას მეუბნება, რომ ტექნიკურად არ იყო საჭირო რუსეთის ან ვინმეს დახმარება, მიუხედავად ვერტმფრენების და სხვა პრობლემებისა, ქართულმა მხარემ შესაძლებლიდან მაქსიმუმი გააკეთაო.

დავუშვათ, დავეთანხმო ამ აზრს. მიუხედავად ამისა, აუცილებელი იყო რუსეთისთვის დახმარების თხოვნა – სწორედ დღევანდელი მთავრობის მხრიდან! ტექნიკური აუცილებლობა თუ არა, პოლიტიკური აუცილებლობა მოითხოვდა ამას!

ნაც-ოპოზიცია ბრალს სდებს ხელისუფლებას “პრორუსულობაში”. ეს უბადრუკებიც სულ თავის მართლების რეჟიმში არიან. ახლა მათ რომ რუსეთისთვის ეთხოვათ დახმარება, ვინმეს ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ რუსული მხარე მაქსიმალურ დახმარებას აღმოგვიჩენდა – იმაზე უფრო მეტს, ვიდრე ასეთი ტრაგედია საკუთრივ  რუსეთის ტერიტორიაზე რომ მომხდარიყო. ეს იმიტომ, რომ მოსკოვში ჩვენზე უფრო კარგად ესმით ასეთი დახმარების პოლიტიკური მნიშვნელობა. ჩვენი “რუსეთუმედ” წოდებული მთავრობა ყველას დაანახვებდა იმას, რომ რუსეთი გვერდში დაუდგა საქართველოს გასაჭირში, გამოჰყო ადამიანური და მატერიალური რესურსები, თავისი სამაშველო სამსახურების მთელი გამოცდილება მოახმარა გასაჭირში ჩავარდნილ ქართველობას.

ამის შემდეგ, ხელისუფლებისთის უფრო ადვილი იქნებოდა რუსეთთან მომავალი დიალოგის დაწყების გამართლება (არ დაგვავიწყდეს – მაინც ხომ თავის მართლების რეჟიმში არიან) – ცხადია, თუკი ეს დიალოგი ხელისუფლებას შინაგანად სურს, მაგრამ გარემოებების გამო იძულებულია, რომ ამაზე უარი თქვას.

მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ეს დიალოგი არ სურს და მისი აუცილებლობა არც ესმის! – ყველაზე სავალალო სწორედ ეს გახლავთ. ამიტომაც გაუშვა ხელისუფლებამ ხელიდან უნიკალური შანსი, მიემართა ტრაგედიის ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდი ძალისათვის – რუსეთისთვის და დახმარება ეთხოვა. ნაცვლად ამისა, რუსეთის დიპლომატიური უწყების სამძიმარი მიიჩქმალა, ერთი-ორი სააგენტოს გარდა, არავინ არ გაავრცელა.

კეთილი და პატიოსანი – განაგრძეთ ჩინეთთან “სტრატეგიული პარტნიორობა”, მორიგ “მაიდანს” რომ მოგიწყობენ, ალბათ ჩინეთის ხელისუფლება მოგევლინებათ მხსნელად.

 

გულბაათ რცხილაძე