1921 წელს ბოლშევიკთა შემოსვლა, ორჯონიკიძის მეთაურობით, ისტორიული მომენტი იყო, რომლის შესახებ მრავალჯერ დავწერე, მაგრამ შეხსენებისთვის აღვნიშნავ, რომ ბოლშევიკური რუსეთი ვერ დაუშვებდა მეფის რუსეთის ტერიტორიაზე (და ასეთად მიიჩნევდა ის ამიერკავკასიას) ინგლისელთა, გერმანელთა, სხვა დასავლელთა პარპაშს, რაც კარგად უნდა სცოდნოდა მენშევიკურ ხელისუფლებას, მაგრამ მას ამისთვის არ ეცალა, ქართული საგანძურის ტომრებში ჩაყრით იყო დაკავებული — ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე, რომელიც ბათუმში ჩამომდგარ ფრანგულ სამხედრო გემს გაატანა და თან მთავრობის წევრი ექვთიმე თაყაიშვილი გააყოლა.
პატივცემული ექვთიმე გემზე არ აუშვეს. ის, საგანძურამდე, გაქცეული მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, მარსელში გემის კარგა ხნის ჩასვლის შემდეგ მივიდა.
მარსელის ბანკში ჩაბარებულ საგანძურს, ყოფილი მთავრობის წევრები ჰყიდნენ და ალბათ მისგან არაფერი დარჩებოდა, რომ არა საფრანგეთის ხელისუფლების მიერ საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აღიარება, რასაც მოჰყვა ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან ურთიერთობების გაწყვეტა და საგანძურის მარსელიდან, პარიზში გადატანა.
საგანძური, საქართველოს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნდა და დაუბრუნდა საბჭოეთის მეთაურის, სტალინის ძალისხმევით, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტ დე გოლს სთხოვა დაბრუნების თაობაზე.
პარიზში არსებული მრავალი ტომრიდან, მხოლოდ ნაწილი და ისიც უმცირესი დაბრუნდა თბილისში.
ამ ისტორიის შესახებ — საარქივო მასალებზე დაყრდნობით, აღწერილი აქვს გრიგოლ ონიანს, თავის წიგნში, რომლის წაკითხვა არ აწყენდა „პატრიოტ“ ქართველებს.
ახლა, რაც შეეხება საქართველოს „დამპყრობი“ რუსეთის დამოკიდებულებას ქართული მწერლობისადმი, განსაკუთრებით შოთა რუსთაველისადმი. ამ მართლაცდა ბუმბერაზი მოღვაწის შესახებ არც რუსეთში და არც საზღვარგარეთ არვინ იცოდა. გასული საუკუნის 30-იან წლებში, დიდ სამამულო ომამდე, სტალინის განკარგულებით მოსკოვში გაიმართა რუსთაველის საიუბილეო სხდომა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა გენიალურ ქმნილება „ვეფხვისტყაოსანზე“.
რუსმა მწერლებმა და პოეტებმა თარგმნეს პოემა, რომელიც დიდი ტირაჟით დაიბეჭდა და გაიყიდა. ამას მოჰყვა უცხოელ მწერალთა თარგმნა და გამოცემა.
გასული საუკუნის სამოციან წლებში საბჭოთა კავშირში ჩატარდა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილე. აღნიშნული იუბილეს მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით საბჭოთა მთავრობამ დადგენილებაც მიიღო, რომელსაც მოჰყვა ქვემდებარე ორგანიზაციების მიერ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება.
შეგახსენებთ ზოგიერთს: 1965 წლის ივლისში, რუსთაველის დაბადების 800 წლისთავთან დაკავშირებით, შეიქმნა სრულიად საკავშირო საიუბილეო კომიტეტი პოეტ ნ.ტიხონოვის თავმჯდომარეობით. იმავე წლის ოქტომბერში სსრ კავშირის მწერალთა კავშირში გაიმართა საიუბილეო კომიტეტის სხდომა.
1966 წლის სექტემბერში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სესია, რომელშიც მონაწილეობდნენ საბჭოთა და უცხოელი მწერლები, მეცნიერები.
1966 წლის ოქტომბერში ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი.
1966 წლის ოქტომბერში მოსკოვის ცენტრში გაიხსნა რუსთაველის ძეგლი. მოსკოვის „დიდ თეატრში“ ჩატარდა საზეიმო საღამო. 1966 წლის ოქტომბერში მოსკოვის კრემლის ყრილობათა სასახლეში გაიმართა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს ხელოვნების ოსტატთა კონცერტი.
პატივცემულო მკითხველო, აი ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც საქართველოს „ოკუპანტმა“ და „დამაქცევარმა“ რუსეთმა გვარგუნა შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი