საქართველოს პარლამენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრი გახდა

საქართველოს პარლამენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრი გახდა.

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში დაიწყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) 44-ე გენერალური ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ AIPA-მ საქართველოს პარლამენტს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა და ეს პირველი გენერალური ასამბლეაა, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აღნიშნული სტატუსით მონაწილეობს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ღონისძიებაზე შეკრებილ 500-მდე დელეგატს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებისთვის და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან საერთო ინტერესების განვითარებას ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიმართულებებით.
ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და აღნიშნა, რომ ზუსტად 15 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ომის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორიის 20% დღემდე რჩება რუსული ოკუპაციის ქვეშ. მან განსაკუთრებით აღნიშნა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს საქართველოს მიერ გაეროში ინციცირებული რეზოლუციების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დიალოგი გაფართოებულ ფორმატში – AIPA-ს წევრი პარლამენტების წარმომადგენლებთან. ასევე, ორმხრივი შეხვედრები AIPA-ს გენერალურ მდივანთან და საპარლამენტო დელეგაციებთან. AIPA-ს წევრი ქვეყნები არიან: ინდონეზია, სინგაპური, მალაიზია, ფილიპინები, ტაილანდი, ვიეტნამი, ლაოსი, ბრუნეი, კამბოჯა და მიანმა, AIPA-ს დამკვირვებელი წევრის სტატუსით კი სარგებლობენ ევროკავშირი, აშშ, კანადა, იაპონია, კორეა, ჩინეთი, რუსეთი, ავსტრალია, ნორვეგია, აზერბაიჯანი და უკრაინა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი და ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი ირაკლი ბროკიშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.