უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ეხმაურება NATO-ს გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსის სტიან იენსენის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას აქვს ვარიანტი – უარი თქვას რუსეთის მიერ ოკუპირებულ გარკვეულ ტერიტორიებზე და სანაცვლოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა მიიღოს.
როგორც პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, „ცუდი მშვიდობის“ დამყარების მცდელობები პუტინის ტრიუმფით, მსოფლიოს არა მშვიდობას, არამედ სირცხვილს და ომს მოუტანს.
„ტერიტორიების გაცვლა NATO-ს ქოლგაზე? საკვირველია – ანუ, შეგნებულად წახვიდე დემოკრატიის მარცხზე, საერთაშორისო დამნაშავის წახალისებაზე, რუსეთის რეჟიმის კონსერვაციაზე, საერთაშორისო სამართლის განადგურებასა და ომის შემდგომი თაობებისთვის გადაბარებაზე?
ცხადია, რომ თუ პუტინი გამანადგურებელ მარცხს არ იწვნევს, რუსეთში პოლიტიკური რეჟიმი არ შეიცვლება და თუ ომის დამნაშავეები სასჯელს არ მიიღებენ, ომი აუცილებლად დაბრუნდება რუსეთის გაზრდილი მადით.
მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების და „ცუდი მშვიდობის“ დამყარების მცდელობები, პირდაპირ ვთქვათ – პუტინის ტრიუმფით, მსოფლიოს მშვიდობას არ მოუტანს, ეს მოიტანს მხოლოდ სირცხვილს და ომს. ეს ეხება ახალი „ევროპის განაწილების“ ნებისმიერ ფორმას, მათ შორის, NATO-ს ქოლგითაც.
რატომ გვთავაზობთ რუსეთისთვის სასურველ, [ომის] გაყინვის სცენარებს იარაღის მოწოდების დაჩქარების ნაცვლად? არ ღირს მკვლელების წახალისება საშინელი ინდულგენციებით“, – წერს პოდოლიაკი.