ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადებით, უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიული გაზეთი Verdens Gang-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, იენსენმა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესაძლო გაწევრიანების კონტექსტში განაცხადა, რომ უკრაინის გამოსავალი შეიძლება ტერიტორიის დათმობა იყოს.
„მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა სტიან იენსენმა.
ნატოს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის ამ მოსაზრებამ, რომ რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის იყოს გზა მშვიდობის მისაღწევად და ნატოში გასაწევრიანებლად, კიევის რეჟიმის მყრალი რეაქცია გამოიწვია.
„უცნაურია ამ თემის ასეთი შემოგდება, სრულიად გაუგებარია, რატომ გააკეთეს ეს – იმისთვის, რომ ჩვენი ნერვები შეამოწმონ? არ არის საჭირო, კარგ მდგომარეობაში ვართ 2022 წლის 24 თებერვლიდან”, – განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.
„როდესაც ვინმე, სადმე, ვთქვათ, ევროკავშირში ან სხვა ინსტიტუტებში თბილ სავარძელში მჯდომი იწყებს ჩვენთვის რჩევის მოცემას, მინდა აღვნიშნო, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი ტესტები არცერთ ქვეყანას არ გაუვლია”, – მისი თქმით, უკრაინა 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 საათის განმავლობაში ცდლობს საკუთარი ტერიტორიის მტრისგან გათავისუფლებას.
ნატო-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ ტერიტორიების დათმობით უნდა მოხდეს ალიანსში მიღება, ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რასაც ვამბობთ, რომ, სამწუხაროდ, ხდება მსოფლიოს დღის წესრიგის გადანაწილება და ამ ომში, რომელიც პირველ რიგში უკრაინისთვისაა საზიანო, ხელს ითბობენ სულ სხვა ქვეყნები და ძალები, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ეს განცხადება არც შემთხვევით გაკეთებულია და არც წამოცდენაა.
„ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ, სამწუხაროდ, ომი, რაც მიმდინარეობს ახლა უკრაინაში, არ არის, მათ შორის უკრაინის სასარგებლო და ამას იყენებს არაერთი ძალა მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის საწინააღმდეგოდ. ნატო-ს ხელმძღვანელობაში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ ტერიტორიების დათმობით უნდა მოხდეს ნატო-ში მიღება და ეს იქნებოდა კარგი, ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ, სამწუხაროდ, ხდება მსოფლიოს დღის წესრიგის გადანაწილება და, სამწუხაროდ, ამ ომში, რომელიც პირველ რიგში არის საზიანო უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის, ხელს ითბობენ აბსოლუტურად სულ სხვა ქვეყნები და სხვა ძალები.
ეს მოცემულობაა დღეს და ნატო-ს ხელმძღვანელობაში მაღალჩინოსნის ასეთი განცხადება შემთხვევით არ კეთდება, ეს წამოცდენაც არაა, რადგან ასეთი წამოცდენა არამცთუ ხელმძღვანელს, რიგით წევრსაც არ შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს გათვლილია შორს მიმავალ გეგმებზე, რაც, სამწუხაროდ, აქვთ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს და ხელმძღვანელებს, რომლებსაც ახლა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სურთ ომი უკრაინაში და სურთ მეორე ფრონტი საქართველოში.
ამას ვამტკიცებდით მტკიცებულებებით და ახლა იქიდან მოდის მტკიცებულებები, ჩვენ მოპოვება აღარ გვჭირდება, ერთადერთი, ხალხს უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ნატო-ს ხელმძღვანელობაც აღარ მალავს, რომ ქვეყნებმა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უნდა გააკეთონ არჩევანი ნატო-ში და ისიც გარანტირებული არ არის, არავინ ეუბნება უკრაინას, რომ თუ დათმობთ ტერიტორიებს, ნატო-ში მიგიღებთო. უბრალოდ, საუბარია, რომ როგორც ნატო-ს ხელმძღვანელობაში აცხადებენ, მოხდეს როგორმე ამ კონფლიქტის გაყინვა, ტერიტორიების დათმობის ხარჯზე. მით უმეტეს, მასშტაბურად ისეთი მცირე ქვეყნები, როგორიც საქართველოა, არ უნდა მოექცნენ გლობალური კონფლიქტის არეალში, რადგან უკრაინა ათჯერ მეტია საქართველოზე, მაგრამ ხომ ხედავთ, რას უკეთებენ და საქართველოსთან მიმართებაში 10-ჯერ უარესი იქნებოდა. ამიტომ საჭიროა ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა, რაც აქვს ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
როგორც თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან” ამბობს: ის, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაცია გახდება რეალური, არის მიამიტური გზავნილი, რადგან ის არ შედის არც ერთი ქვეყნის ეროვნულ ინტერესში და რუსეთი მხოლოდ ამას არ დაკმაყოფილდება.
„პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქედან, რომ ეს არ არის გამოსავალი ამ კონფლიქტებიდან. რომ დავუშვათ კიდეც ეს ორი სახელმწიფო თანახმა იყოს ამაზე, რაც წარმოუდგენელია, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება ამ ხალხების ინტერესებს, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და აგრესორის წახალისება. დღეს თუ რუსეთს ეს გაუვიდა და მან მოახერხა ანექსია სუვერენული ტერიტორიების და საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფა, ხვალ ის უფრო მეტს მოითხოვს.
„ჩვენ გვახსოვს ისტორიიდან მეორე მსოფლიო ომის პერიოდში როგორ მოხდა, გერმანიამ როცა მოახდინა რამდენჯერმე ანექსია, ის არ გაჩერდება. ანუ, ეს არ არის გამოსავალი, რაც არ უნდა ეგონოთ მაღალჩინოსნებს რომ ეს გამოსავალია.
„ყველამ იცის – აქ ომი იმაზეა, რომ რუსეთს აქვს საკუთარი იმპერიალისტური გეგმები ამ რეგიონთან დაკავშირებით და კონკრეტულად ამ პატარა ტერიტორიებს ის არ დაკმაყოფილდება, ამიტომ ზემოთ თქმული აზრი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან, საზოგადოებრიობასთან და ბუნებრივია, რომ ეს მიუღებელია ამ თვალსაზრისით.
„ექსპერტების დონეზე ყოველთვის იყო ეს აზრი 20-25 წლის განმავლობაში, მაგრამ შედეგი არაფერი მინახავს,რადგანაც ყველამ ვიცით რომ ამ სახელმწიფოებისთვის ეროვნული სუვერენიტეტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
„კიდევ ერთი რამ ეს არის ეგრედ წოდებული ცრუ დილემა, რომ ტერიტორიული მთლიანობა ხელს უშლის საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. თუ კარგად გავაანალიზებთ, რუსეთის მოქმედებები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მიმართულია არა იმისკენ რომ გავლენა მოიპოვოს სეპარატისტულ რეგიონებზე – ცხინვალზე და აფხაზეთზე, ან დონბასზე და ამით დაკმაყოფილდება, არა, ეს მისი მიზანი არ არის, არამედ, მისი მიზანია მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის რეინტეგრაცია და ახალი იმპერიის აღდგენა.
„საქართველოსთან დაკავშირებით მას მხოლოდ აფხაზეთზე და ცხინვალზე გავლენა აინტერესებს? არა! მას უნდა რომ მთელი საქართველო, სამხრეთ კავკასია აკონტროლოს, იქედან გამომდინარე, რომ შემდეგ აკონტროლოს ენერგოდერეფნები, თუ სხვა რამ.
„მიამიტურად ჩანს ეს განცხადება, იმასთან დაკავშირებით რომ თუ რუსეთს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს მივცემთ, ის უარს იტყვის და რაციონალურად შეიძლება ამ კონფლიქტების გადაწყვეტა” – განაცხადა „რეზონანსთან” კორნელი კაკაჩიამ.