ისტორიულ ტაოში მდებარე კავკასიძეების ოთხთა ეკლესიის ციხე მთლიანად წყლით დაიფარა

ისტორიულ მესხეთის ნაწილში, ტაოში მდებარე კავკასიძეების ციხე კომპლექსი, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიულ საზღვრებს ეკუთვნის, უკვე მთლიანად წყლით დაიფარა. ამის შესახებ გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი იტყობინება და წყლით დაფარული ტერიტორიის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ადრე ეს ისტორიული ძეგლი მდებარეობდა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხზე, იუსუფელის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავის შევსების გამო, ეს ტერიტორია თვეების განმავლობაში წყლით იფარებოდა. მან ასევე ქვეშ მოიყოლა ტაოს სხვა ისტორიული ძეგლებიც.

ცოტა ხნის წინ კავკასიძეების ციხის ეკლესიაში იმყოფებოდა ქართველი ისტორიკოსი ბუბა კუდავა, რომელმაც იმ დროისთვის ჯერ კიდევ ნახევრად ჩაძირულ ეკლესიაში სარკმლიდან შეცურა და ბოლო კადრები გადაიღო.

ცნობისთვის, კავსაძეების ციხე, რომელსაც ოთხთა ეკლესიის ციხედაც მოიხსენიებენ, X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. კავკასიძეები პარხლის მფლობელები იყვნენ და ოთხთა ეკლესიაც მათი კუთვნილება იყო. გადმოცემის თანახმად, ამ ციხის ქვევით იერუსალიმისკენ მიმავალი გზა გადიოდა, ამიტომ კავკასიძეებს იერუსალიმის გზის მცველებად მოიხსენიებდნენ.