ბათუმში 4 ადამიანის დაჭრისთვის ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 ადამიანისთვის დაჭრისთვის, 46 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოთხი პირი: 1967 წელს დაბადებული მ.შ., 1966 წელს დაბადებული გ. ქ., 1988 წელს დაბადებული ი. ქ. და 1990 წელს დაბადებული ა.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

მათი განცხადების თანახმად, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.