დღეს ინდოეთი მთვარეზე კოსმოსური ხომალდის დაშვებას შეეცდება

დღეს, 23 აგვისტოს, ინდოეთი მესამე მისიით აპირებს ისტორიის შექმნას მთვარეზე კოსმოსური ხომალდის, Chandrayaan-3-ის დაშვებით. ამის შესახებ BBC წერს.

თუ ეს დაშვება წარმატებული იქნება, ინდოეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომლის კოსმოსური ხომალდიც მთვარის ნაკლებად შესწავლილ სამხრეთ პოლუსთან დაეშვება. ასევე წარმატების შემთხვევაში, ის აშშ-ის, ყოფილი საბჭოთა კავშირის და ჩინეთის შემდეგ მეოთხე ქვეყანა იქნება, რომელმაც მთვარეზე რბილი დაშვება მოახერხა.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს მთვარის ამავე ნაწილში წარუმატებელი დაშვება განახორციელა რუსულმა კოსმოსურმა ხომალდმა – Luna-25-მა, რომელიც მთვარის ზედაპირს შეეჯახა და განადგურდა.

ინდოეთს 2019 წელსაც ჰქონდა მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს ხომალდის დასმის მცდელობა, თუმცა Chandrayaan-2-ის მისია წარუმატებელი აღმოჩნდა – ის მთვარის ზედაპირს დაეჯახა.